Site icon Civil.ge

მმართველი გუნდის ლიდერები რუსეთში რძის პროდუქტის იმპორტის დაშვებაზე

Getty images

7 მარტს, მმართველი გუნდის ლიდერებმა რუსეთის მიერ ქართული რძის პროდუქტისთვის იმპორტის დაშვებაზე განმარტებები გააკეთეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოხმაურება

„ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება და ბოლომდე აამუშაონ სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, რძის იმპორტზე ნებართვა ჩვენი მეწარმეებისთვის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგია.

მისივე თქმით, ამ პროცესზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კონკრეტული კომპანიების მიმართვის საფუძველზე 2020 წელს დაიწყო“.

„ამის შემდგომ, გარდა დოკუმენტების მომზადების და მიწოდებისა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, [თბილისის ინიციატივით] არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია [მოსკოვთან], ცალსახად მინდა ეს განვაცხადოთ“, – განაცხადა მანვე.

ჟურნალისტების მიერ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, შამუგიამ განაცხადა, რომ მოსკოვის ინიციატივით „რამდენიმე თვის წინ შედგა კომუნიკაცია“.

ეკონომიკის მინისტრის გამოხმაურება

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც 2020 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, განმარტა, რომ საკითხის გარშემო „აჟიოტაჟი“ ინფორმაციის ნაკლებობის გამოა შექმნილი.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე თბილისს მოსკოვისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის დროს არ მიუმართავს და თავის დროზეც მიმართვა კერძო კომპანიების მხრიდან იყო.

მამუკა მდინარაძის გამოხმაურება

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთში „ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს“, რადგან „ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ“.

„უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება“, – აღნიშნა მან.

„საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა“, – დასძინა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის“.

„სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას“, – განაცხადა კობახიძემ და ხაზი გაუსვა, რომ „ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა“.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ივარაუდა, რომ უკრაინული მხარის მკაცრი განცხადებების „რეალური ინიციატორი“, შესაძლოა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)