თბილისში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი კიდევ ერთხელ გახდა მოსკოვის სამიზნე, რომელმაც ის ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„მიგვაჩნია, რომ 2007 წელს ღორის აფრიკული ჭირის შტამი მომატებული გადამდებობით სწორედ პენტაგონის დაქვემდებარებაში არსებულ ქართულ ბიოლაბორატორიაში შეიქმნა“, – იტყობინება „ინტერფაქსი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსის, იგორ კირილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
კირილოვის თქმით, „მისმა გავრცელებამ სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენა რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინას და პოლონეთს და ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორი ქვეყნების სიიდან გამორიცხა“.
უკრაინა მთავარი სამიზნე
აღსანიშნავია, ამჯერად კირილოვის ბრალდებების მთავარი სამიზნე ლუგარის ცენტრი არ ყოფილა.
7 მარტს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში უკრაინაში 30 ბიოლოგიური ობიექტი ფუნქციონირებს, რომლებიც „სახიფათო ინფექციების“ პათოგენებზე მუშაობენ.
კირილოვის თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამ ლაბორატორიებში „ბიოაგენტების“ განადგურების ბრძანება გასცა.
„კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებების გამოცდის საბაბით, უკრაინიდან აშშ-ის უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევით ცენტრში პაციენტების, უპირველეს ყოვლისა, სლავური ეთნოსის წარმომადგენლების, რამდენიმე ათასი სისხლის შრატის ნიმუში გადაიტანეს“, – განაცხადა კირილოვმა.
- უცხოელი ექსპერტები: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა
- კითხვა-პასუხი: „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები
ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომლის აშენება-მოწყობა ამერიკამ 100 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა, თბილისის გარეუბანში 2011 წელს გაიხსნა. მისი შექმნის მიზანი ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის მეშვეობით, მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა იყო.
ლუგარის ცენტრი მისი დაარსების დღიდან მოსკოვის დეზინფორმაციისა და კრიტიკის სამიზნეა.
ღორის ჭირის გავრცელების შესახებ ბრალდებები მოსკოვმა პირველად 2012 წელს გააჟღერა, როდესაც მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ საქართველო რუსეთში ღორის ჭირის შეტანაში დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ბრალდებები და 2018 წელს უცხოურ მედიას და ექსპერტებს ლაბორატორიის კარიც გაუღო, თუმცა რუსმა სამხედრო ექიმებმა ეს მოწვევა არ მიიღეს.
2018 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი, რომელსაც ამჟამად სრულად იმართება და ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ, გაეროს კონვენციების შესაბამისად გამჭვირვალობის საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, 2020 წელს რუსეთმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოფისის და მისი სტრუქტურული დანაყოფების, მათ შორის, ლუგარის ცენტრის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)