Site icon Civil.ge

რუსეთი-უკრაინა: დაზავების შანსი?

პრეზიდენტი ზელენსკი პრეს კონფერენციას მართავს. წყარო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.

რა მოხდა?

გუშინ, 8 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლებლად მიიჩნია ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა მეზობელი ქვეყნებისაგან (მათ შორის, რუსეთისაგან) უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში, რაც განმტკიცებული იქნება აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ხელმოწერებით. ამ კონტექსტში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე შესაძლებლად მიიჩნია დონბასის სტატუსზე საუბარი „იმ მაცხოვრებლებთან, რომლებიც თავის თავს რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევენ“ და დაუშვა ყირიმზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მისი რუსეთის ნაწილად აღიარების გარეშე.

რამ მოიტანა ეს?

უკრაინიდან მომავალ განცხადებებს წინ უძღოდა ისრაელიდან მომავალი ცნობები, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაზავების შესახებ შეთანხმება „კრიტიკულ ეტაპზეა“ მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერი ნაფთალი ბენეტი მოსკოვისა და კიევის ლიდერებს შორის იშუამავლა.

რა ეიმედება ისრაელს?

ისრაელის პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, პრემიერი ბენეტი იმან შეაგულიანა, რომ პუტინს აღარ უსაუბრია უკრაინის „დენაციფიკაციის“, ანდა ზელენსკის გადადგომის – ანუ უკრაინისათვის სუვერენიტეტის ჩამორთმევის – აუცილებლობის შესახებ. მან თურმე ძირითად პირობად კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება და დონბასის დამოუკიდებლობის ცნობა დააყენა, უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტის (ანუ ნატოში შეუსვლელობის) გარანტიებთან ერთად. ისრაელს იმედი აქვს, რომ ამ პოზიციებიდან უკვე შესაძლებელია დიალოგის დაწყება.

რას ამბობს უკრაინა?

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკულ ტელევიზია ABC-ს უთხრა, რომ მას „გული გაუცივდა“ ნატოს მიმართ, რადგან მასში გაწევრიანება მომავლის საქმეა, ხოლო მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის ამოცანა უკრაინელი ხალხის რუსული ბომბებისაგან გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, ის „უსაფრთხოების გარანტიების“ წინადადებით გამოვიდა, რომელიც შემდგომ მისივე პარტიის გამოქვეყნებულ განცხადებებში უფრო დაიხვეწა. მისი არსია:

შესაძლებელია ეს კომპრომისი?

ისრაელის პრემიერის ოფისიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ან ამ პირობებზე საუბარი შედგება, ანდა რუსეთი „სასტიკი ესკალაციით“ იმუქრება, რაც, სავარაუდოდ, ქალაქების აქტიურ დაბომბვას გულისხმობს. მსგავსადვე ხედავენ ვითარებას ნატოშიც. როგორც ისრაელი, ისე დასავლეთის დედაქალაქები ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკის მისაღებია და მასზე გავლენის მოხდენას არ შეეცდებიან.

მეორე მხრივ, რუსეთის შეტევა საგრძნობლად შეფერხდა და სამხედრო დამკვირვებლების თქმით, მოსკოვს დრო სჭირდება სამხედრო რეზერვების უკრაინის საზღვრებისკენ გადასასროლად. დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ კრემლს მოლაპარაკებები სწორედ ამ ამოცანის შესასრულებლად გამოადგება.

აშშ ადმინისტრაციაში მიესალმებიან ისრაელის შუამავლობას, რადგან ქვეყანას კიევთანაც და მოსკოვთანაც პოზიტიური ურთიერთობა აქვს. თუმცა ვაშინტონში იციან, რომ თელ-ავივს მოსკოვთან სხვა თემებზეც აქვს სასაუბრო — კერძოდ, სირიაზე — და შიშობენ, სირიის ფრონტზე მოსკოვის თანამშრომლობის საფასურად, ნაფტალიმ უკრაინის ინტერესები ზედმეტად არ დათმოს.

რას მივაქციოთ ყურადღება?

ხვალ, 10 მარტს, თურქეთში დაგეგმილია რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა. ამ შეხვედრის შედეგებიდან გამოჩნდება, მიიღებენ თუ არა მხარეები ზემოთნახსენებ პირობებს მოლაპარაკებების საფუძვლად. მანამდე კი, ბრძოლის ველზე ვითარება კვლავაც იცვლება და მოლაპარაკებებზე გავლენას ახდენს.