Site icon Civil.ge

საქართველოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფოტო: mfa.gov.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს შვედ კოლეგას, ან ლინდეს ტელეფონით ესაუბრა და მასთან უკრაინაში რუსეთის აგრესიის და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციაზე ისაუბრა.

იგი ასევე შეეხო საქართველოს სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების „სრულად და თანმიმდევრულად“ განხორციელებას.

ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

„ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მედეგობის მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)