კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია ACT-ის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების 88%-ს რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვება სურს, რუსეთის მოგება კი – მხოლოდ 1%-ს.
გამოკითხულების 63% რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს, 12% რუსეთის გამარჯვებას მოელის, 20%-ს კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, 5%-ის მოსაზრებით კი – ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.
კვლევის თანახმად, მოსახლების 84% პირდაპირ ამბობს, რომ „რუსეთი მტერია“, 11%-ს არ აღემატება მათი რიცხვი, ვინც ამ მოსაზრებას არ იზიარებს. 91%-ს „არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია“.
ACT-ის განმარტებით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს მოსახლეობისთვის „აქტუალური და მტკივნეული თემაა“.
გამოკითხულების 96% მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება. „შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რესპონდენტები გულისხმობდნენ ქვეყანაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, თუ სხვა ტიპის გავლენას, თუმცა ფაქტია, რომ მათთვის ეს ომი არ მიდის სადღაც სხვაგან და განყენებულად“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, გამოკითხულების 87% მიიჩნევს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“. 72% მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“.
რესპონდენტების 51% რუსეთის მხრიდან პრობლემებს ნებისმიერ შემთხვევაში მოელის.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას არ მოელოდა, 31%-ს კი – მოელოდა, რომ რუსეთი ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაიწყებდა, მათ შორის, კიევშიც. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს მხოლოდ რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში ელოდა.
ACT-მ კვლევისთვის საჭირო სამუშაოები 2022 წლის 4-6 მარტს ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, სატელეფონო ინტერვიუების გზით 809 რესპონდენტი გამოიკითხა. ACT-ის თქმით, შერჩევის ცდომილებამ 4.2 % შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)