ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილ „საპარლამენტო არჩევნებში“ 35-წევრიანი „ეროვნული ასამბლეის“ მანდატებისთვის 123 კანდიდატი – 107 მამაკაცი და 16 ქალი – იბრძოლებს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 19 კანდიდატი მოქმედი „დეპუტატია“, რომლებიც კენჭს ხელახლა იყრიან.
14 კანდიდატი დაასახელა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან რვა პარტია „ამცახარამ“, ორ-ორი „აფსნიმ“ და „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიამ“, ხოლო თითო კი -„აფხაზეთის სახალხო პარტიამ“ და „აფხაზეთის სახალხო ფრონტმა სამართლიანობისა და განვითარებისთვის“.
ოკუპირებულ რეგიონში „დეპუტატები“ ხუთწლიანი ვადით მაჟორიტარული სისტემით აირჩევიან. შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში ინდივიდუალური პირები და არა პარტიები არიან წარმოდგენილნი.
2017 წლის წინა „საპარლამენტო არჩევნების“ დროს, სულ 139 პირი დარეგისტრირდა. მათგან 115 საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, ხოლო 24 – ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ.
აფხაზეთის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ კანდიდატთა რეგისტრაცია 2 მარტს დაასრულა.
დეკემბერში, აფხაზეთის ოპოზიციამ მოქმედი „პარლამენტის“ ვადის ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვა, ვინაიდან მთელი რიგი უთანხმოებების ფონზე, მათ ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნები“ 12 მარტს ჩატარდება
- სოხუმში ოპოზიცია სამართალდამცველებს დაუპირისპირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)