Site icon Civil.ge

თბილისი ჰააგის პროკურორის მიერ 3 ყოფილი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების მოთხოვნას ეხმიანება

ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში სამი ყოფილი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე ორდერის გამოცემა საქართველოს „მორიგი გამარჯვებაა“.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ [2008 წლის] აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ 2021 წელს მოპოვებული „ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა“, რა დროსაც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა „რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე“.

უწყების თქმით, აღნიშნული ასევე „ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით“.

„ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება“, – ხაზგასმულია იქვე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი ყოფილი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი 10 მარტს გვიან, ღამით გამოსცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, ფატუ ბენსუდას, წინასასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების თაობაზე თანხმობა 2016 წელს მისცა.

საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)