Site icon Civil.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბაქოს სტუმრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, 11 მარტი, 2022, ბაქო, ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, რომელიც აზერბაიჯანს სტუმრობს, 10-11 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, თავის კოლეგას, ფიქრათ მამადოვს და მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პრეზიდენტმა ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მხარეებმა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივ ურთიერთობებზეც იმსჯელეს.

გუშინ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი „ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას ორი ქვეყნის ახალგაზრდა იურისტებს შორის, ასევე, ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაძლიერებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ვებრძოლოთ დოკუმენტების გაყალბებას“.

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მემორანდუმი „მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ინოვაციების, პენიტენციური, პრობაციის, მედიაციის, იურისტების მომზადების და სხვა კონკრეტული ზომების ხელშეწყობას“ ითვალისწინებს.

10 მარტს, მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)