საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს უარყო თბილისში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმართ ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებით მოსკოვის ბრალდებები.
ჟურნალისტებთან საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია „გამჭვირვალეა და რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის მხრიდან მსგავსი განცხადება არც „პირველია“ და არც „ახალი“.
„ჩვენ ახლა ვხედავთ, თუ როგორ გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით, [უკრაინაში] არის ომი და, შესაბამისად, ამ ომში მხარეებს აქვთ შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მომატებული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ „ოპოზიციის ნაწილი იმით კი არ იყოს დაკავებული, როგორ აჯანჯღაროს ეს ქვეყანა, არამედ ყველა კონსოლირდეს ხელისუფლების გარშემო“.
„საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბოლო დღეებში, აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებით არაერთი ბრალდება გააჟღერეს.
„რუსეთს და არა შეერთებულ შტატებს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების ხანგრძლივი და კარგად დადასტურებული გამოცდილება, მათ შორის პუტინის, პოლიტიკური მტრების, როგორიცაა ალექსეი ნავალნი, მკვლელობის მცდელობებსა და მოწამვლაში“, – განაცხადა გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსეთი ლუგარის ცენტრს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს
- ცხინვალის უშიშროების სამსახური ლუგარის ცენტრს და აშშ-ის ჯანდაცვის ობიექტებს უტევს
- უცხოელი ექსპერტები: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)