ქართულმა ოცნებამ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის რამდენჯერმე, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ვიზიტებით დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„[დასავლეთში] ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.
ქართული ოცნებისვე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც „საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება“.
მმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტმა ასევე გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მთავრობის გვერდის ავლით გადაწყვიტა, მაშინ როდესაც ეს სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების „ექსკლუზიური“ უფლებაა.
მმართველი გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია 2-ჯერ „უხეშად“ პარლამენტთან მიმართებითაც დაარღვია. პირველი, როდესაც პარლამენტში მისვლის თავდაპირველი თარიღი – 5 მარტი საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა.
ქართული ოცნების განცხადებით, მეორედ პრეზიდენტმა ასევე პარლამენტთან შეთანხების გარეშე, სხდომათა დარბაზში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეიყვანა, „რისი უფლებაც მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს“.
ქართულ ოცნებაში „სრულიად გაუგებარი“ უწოდეს სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ მოწოდებას. მათივე თქმით, ამ ფორმატში „არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.
მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში „მთავარსარდლის“ სტატუსი მხოლოდ „ცერემონიულ“ დატვირთვას ატარებს და რომ „უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა“.
ამ კონტექსტში, ქართულმა ოცნებამ ხაზი გაუსვა, რომ მაგალითად „ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი – ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული“.
კიდევ ერთ მაგალითად მმართველ გუნდში საგარეო პოლიტიკის განხორიციელებაში მთავრობის „ექსკლუზიურ“ უფლებას გაუსვეს ხაზი, რომელში ჩართვაც პრეზიდენტს „მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია“.
„ოცნებაში“ ხაზი იმასაც გაუსვეს, რომ პრეზიდენტის პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტებიდან „რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა“, რაც მათივე თქმით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს გუშინდელ გამოსვლაში ვიზიტების შესახებ „ერთი სიტყვაც არ უთქვამს“.
„არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი“, – განაცხადეს მმართველ პარტიაში.
„გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით“, – დასძინეს იქვე.
მმართველ პარტიაში ასევე განმარტეს, რომ „ევროპელი პოლიტიკოსების – ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება“.
ქართული ოცნებისთვის ასევე გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება, რომ „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“.
საპასუხოდ ოცნებაში ხაზი გაუსვეს, რომ „ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა – იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა“.
ხაზი გაუსვეს რა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი „საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა“, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მისი „კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები“ „განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას“.
9-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში მინიმუმ 5 ან ქართული ოცნების მიერ არის გამწესებული ან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებების მხარდაჭერისკენ არის მიდრეკილი.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტმა წლიური საპარლამენტო მოხსენებისას მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა
- პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)