ქართულმა ოცნებამ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის რამდენჯერმე, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ვიზიტებით დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული გამომხმაურება მოჰყვა. ქვემოთ, საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებია მოცემული:
თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ევალება, რომ საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და, შესაბამისად, მისი ვიზიტების დაბლოკვა, რის შედეგადაც, მას მოუწია ვიზიტების გაუქმება და შემდეგ პერსონალური კონტაქტების ხარჯზე მხოლოდ პირადი ვიზიტების დაგეგმვა, არის სწორედაც პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არაკანონიერი, ანტიკონსტიტუციური ჩარევა“.
სალომე სამადაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „დღეს, როდესაც, ფაქტობრივად, დააანონსეთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება, მე იძულებული ვარ თქვენ შეგახსენოთ [მიმართავს მმართველ გუნდს], რომ დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას, იმისთვის, რომ მან ქართველ ხალხთან ერთად მხარდაჭერა გამოუცხადა, აქ პარლამენტის წინ მოედანზე, პრეზიდენტ ზელენსკის; იმისთვის რომ ის შეხვდა პრეზიდენტ [ემანუელ] მაკრონს და პრეზიდენტ [შარლ] მიშელს; იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროკავშირში გაწევრიანების მომავალზე ესაუბრა და იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა ის პოზიციები უკრაინის მხარდაჭერის, რომელიც ცხადია არის სრულ აცდენაში ქართული ოცნების პოზიციებთან, მაგრამ სრულად სინქრონიზებულია, ცივილიზებული მსოფლიოს და დასავლეთის პოზიციებთან… პრეზიდენტზე თავდასხმის ნაცვლად ხომ არ არის დრო, რომ ისაუბროთ იმ უმძიმეს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა“.
თეონა აქუბარდია – სტრატეგია აღმაშენებელი: „ის, რომ ნებისმიერი განსხვავებული და კრიტიკული აზრი არის მტრულად აღქმული ხელისუფლების მხრიდან, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე დაიწყო საუბარი, იმ საბაბით, რომ, თურმე, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით, განახორციელა პირადი ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში. ეს ხდება მაშინ, როდესაც დღეს ქვეყანას ემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე რუსეთის მხრიდან და ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა ერთად, არა მხოლოდ უნდა დავდიოდეთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, არამედ უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ევროპული არჩევანი“.
ვახტანგ მეგრელიშვილი – ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი: „გუშინ, ამ დარბაზში იყო პრეზიდენტი და მთავარი სათქმელი იყო, რომ საფრთხე, რომელიც ახლა ჩვენ გვემუქრება, არის ეს დაპირისპირება, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, მთავარ თემებზე ვისაუბროთ. იმის ნაცვლად, რომ ამ შეგონებისთვის მოგვესმინა, დღეს, როდესაც წავიკითხე ქართული ოცნების [განცხადება]… რა პოზიცია და ოპოზიციის დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც ქართული ოცნება თავის მხარდაჭერილ, არჩეულ პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს უჩივლოს“.
ლევან იოსელიანი – მოქალაქეები: „[ოცნების გადაწყვეტილებას], რა თქმა უნდა, ვუყურებ ძალიან უარყოფითად და ეს არის, ალბათ, გამოწვეული იმ მოხსენებიდან, რომელიც ჰქონდა გუშინ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში. მან ძალიან ცივი შხაპი გადაასხა, ორ მთავარ პარტიას [ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას]… რასაც ედავებიან საკონსტიტუციო სასამართლოში, ხომ [ქვეყნის წინაშე არსებული] საფრთხის გამო წავიდა, ხომ? თავის პირად საქმეებზე ხომ არ წასულა და შეხვედრია ევროპელ ლიდერებს? ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასაცავად იყო წასული“.
მიხეილ დაუშვილი – საქართველოსთვის: „მე რაც მოვისმინე გუშინ ქალბატონი პრეზიდენტისგან, ის მოქმედებდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ევროინტეგრაციის ინტერესების ფარგლებში… ოცნება როცა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს ან სხვა ორგანოს პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით, ამით წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ მოქალაქეებთან“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ყველასთვის ცნობილია, პირადად ჩემი, ევროპული საქართველოს დამოკიდებულება [სალომე] ზურაბიშვილის მიმართ და მისი გამოსვლის შინაარსის მიმართ…, მაგრამ დღევანდელი რეაქცია აუცილებლად საჭიროებს შეფასებს, იმიტომ, რომ ახალ და ახალ ხარისხს იპყრობს ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმი… ის, რომ ბედავენ, რომ სერიოზულად საუბრობენ დღეს იმაზე, რომ რაც გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა, ანტიკონსტიტუციური არის და შეიძლება იყოს იმპიჩმენტის საფუძველიო და სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, რომ, თურმე, მათი ვერსიით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ მოსაზრების გამოთქმა რაღაც საკითხზე, ან უცხოეთში წასვლა და შეხვედრის ჩატარება, ან უკრაინის წარმომადგენლის შეყვანა დარბაზში, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო, დაცინვაა, რომ ამ დისკუსიაში ვართ… ეს არის ამოცანა ივანიშვილის [რეჟიმის] პროპაგანდის, რომ ეს მორევი აბსურდული საკითხების დახვავების და დისკუსიის ამაზე [აგება]“.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებზე უარის შესახებ საუბრობს
- პრეზიდენტმა წლიური საპარლამენტო მოხსენებისას მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)