Site icon Civil.ge

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, 16 მარტი, 2022, ფოტო: nato.int

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს, უკრაინელ, შვედ და ფინელ კოლეგებთან ერთად ბრიუსელში ნატოს საგანგებო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმსშტაბიანი ინტერვენციის ფონზე გაიმართა.

„ასეთი აქტუალური საქართველოს თემა არ ყოფილა აქამდე ნატოში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ მინისტერიალის შემდეგ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა გამომსვლელმა „ცალსახად აღნიშნა“ ის გამოწვევები და მიზნები, რომლებიც უკრაინასთან ერთად საქართველოსაც აქვს.

მანვე აღნიშნა, რომ მისმა კოლეგებმა ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს იმ „მიზნების“ მიღწევაში დახმარება აღუთქვეს, „რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი“.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ესკალაციამ შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფამდე [და] ამას იაზრებს მთელი ცივილური სამყარო“.

„სანქციებით და სხვა მექნიზმებით საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული“, – ხაზი გაუსვა მანვე.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას, მინისტრმა ბურჭულაძემ განმარტა, რომ ხელისუფლების ეს პოლიტიკა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში „კითხვებს არ ბადებს“.

მისივე თქმით, სხდომაზე ასევე დაისვა კითხვები თუ „რამდენად ფორსირებულად არის შესაძლებელი საქართველოს და უკრაინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში“.

სტოლტენბერგი საქართველოსთვის მეტ მხარდაჭერაზე საუბრობს

16 მარტს ნატოს თავდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერნციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთვის „არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც“ მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მოვუწოდებ ნატოს მოკავშირეებს დ სხვა ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს და სწორედ ეს იყო გზავნილი, რომელიც მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა შეხვედრაზე გააჟღერეს“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან ნასწავლი ერთ-ერთი გაკვეთილი ისაა, რომ „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად რისკის ქვეშ იმყოფებიან. უკეთესია, ახლა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ მათ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ“.

„ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ უკრაინის მიღმა, ომი იმ მეზობელ ქვეყნებზეც ახდენს ზეწოლას, რომლებიც არ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები – „რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები“, მათ შორის, საქართველო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)