Site icon Civil.ge

ესტონეთი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს 

ფოტოკოლაჟი ევა-მარია ლიიმეტსის Twitter-დან

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ესტონელ კოლეგას, ევა-მარია ლიიმეტსს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრებმა რუსეთის აგრესიის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით.

ამავე ინფორმაციით, მათ საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს.

„აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ  წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.

„მან [ზალკალიანმა] ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიიმეტსმა Twitter-ზე დაწერა, რომ იგი ესაუბრა ქართველ კოლეგას, რათა დაედასტურებინა მხარდაჭერა ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერ მხარდაჭერას“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)