Site icon Civil.ge

ბათუმში საქართველოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრები შეხვდნენ

საქართველოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრები - ირაკლი ღარიბაშვილი და მათეუშ მორავიეცკი, ფოტო: facebook.com/kancelaria.premiera

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 მარტს, ბათუმში პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლა, რომელიც ქვეყანას ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით“ არსებული გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოსადმი „თანადგომის და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის „უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში“. „ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი“, – დასძინა მანვე.

„მე ჩვენს მეგობრების ყოველთვის ვახსენებ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული, რუსეთის მიერ და რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენ ტერიტორიაზე“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის ფონზე, საქართველო კარგად აცნობიერებს, თუ „რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში“. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან პოლონელ კოლეგას იმ „აქტიური“ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც „საქართველო უწევს უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე, ყველა პოლიტიკურ დონეზე“.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს უკრაინასთან „სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია“ აკავშირებს და „ცხადია რომ ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას

„ჩვენი საერთო სურვილი არის, რომ ეს ომი დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს სანქციები არც მსოფლიო ლიდერებმა დაუწესეს და არც საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც ამ უკანასკნელთან „მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები“ გაწყვიტა.

მეტიც, მისივე თქმით, ომის შემდეგ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდა, მათ ცალმხრივად სავიზო რეჟიმი მოუხსნა და „მხარი დაუჭირა რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“.

„… აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ სტატუს კვო დღესაც არ შეცვლილა და „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწვევს გამკვლავება ოკუპაციასთან“, რასაც თან სდევს უკანონო „ბორდერიზაცია“, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება-დაპატიმრება და კიდევ ბევრი „ტრაგიკული“ ფაქტი, მათ შორის, მათი „მოკვლის თუ გარდაცვალების“.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს არის „გრძელი გზა“, რომლისთვისაც „ჩვენ გვჭირდება რეფორმების განხორციელება, მომზადება ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ „ხანგრძლივი“ პროცესისთვის „აბსოლუტურად“ მოტივირებულია და მზად არის.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ და რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ძლიერი სანქციების პაკეტის შემოღების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ამგვარი სანქციები ომის ყოველი მომდევნო დღის, ყოველი მომდევნო დაბომბილი სახლის და ყოველი დაღუპული ადამიანის პარალელურად უნდა მკაცრდებოდეს.

მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ მან ეს საკითხი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან განიხილა, რადგანაც „ევროპაში მიდის საუბრები, რომ საქართველო, შესაძლოა, სრულად არ ასრულებდეს ამ სანქციებს“.

პოლონეთის პრემიერის თქმით, ქართველმა კოლეგამ იგი დაარწმუნა, რომ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა „დაეხმაროს უკრაინას თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“.

„საქართველოზე უკეთ ვინ იცის ეს, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – დასძინა მან.

მორავიეცკიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ ამ „ძალიან რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგია“.

„სწორედ ამიტომ უჭერს მხარს პოლონეთი საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა მან და დასძინა: „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თითოეულ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს ის გზა, რომელიც სურს“.

„საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

შენიშვნა: მასალა პოლონეთის პრემიერმინისტრის განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)