Site icon Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში, ნიდერლანდებში, 16 იანვარი, 2019, ფოტო: „როიტერსი“

ოკუპირებული ცხინვალი „კატეგორიულ უარს ამბობს“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, რომლის პროკურორმაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რეგიონის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით ამ აბსოლუტურად მიკერძოებულ პლატფორმას, რომელსაც ორგანიზაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიება ეფუძნება, არაფერი აქვს საერთო მართლმაჯულებასთან“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 21 მარტს.

უწყების მტკიცებით, ჰააგიდან ამ ცნობამ ცხინვალში „სრული გაურკვევლობა გამოიწვია, რამდენადაც სწორედ ეს პირები, რომელთაც ქართველი სამხედროებისა და მოქალაქეების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენა ედებათ ბრალად, ყველა ღონეს იღებდნენ  მათი სიცოცხლეების გადასარჩენად, სახმრეთ ოსეთის ტერიტორიაზე [მათი] უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომ ქართული მხარისთვის გადასაცემად“.

„დღეს, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან სერიოზული კრიზისის ფონზე, ნათელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამათლომ გადაწყვიტა გამოცოცხლდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის გამწვავებაში, ევროპული მართლმსაჯულების საბოლოო დისკრედიტაციის გზით“, – ნათქვამია ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „მართლმსაჯულების ასეთი განსაკუთრებული ფორმა, რომელიც დემონსტრაციულად უგულებელყოფს მისთვის უსიამოვნო ფაქტებს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ იქნება მიღებული შეიარაღებული აგრესიით დაზარალებულ ქვეყანაში“.

2008 წლის ომის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 10 მარტს გამოსცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერი. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენაზე.

პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენაში, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მინძაევი, დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში;  ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე-ფაქტო შს  სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი; და დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი.

კარიმ ხანის განცხადებით, მინძაევს, გუჩმაზოვსა და სანაკოევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის, მძევალთა აყვანისა და უკანონო გადაყვანის გამო.

იმავე განცხადებით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა ამ დანაშაულებში აწგარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალ-მაიორის სავარაუდო როლიც. „სარწმუნოა, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)