Site icon Civil.ge

მოსკოვი ჰააგის პროკურორს ცხინვალის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერისთვის აკრიტიკებს 

მარია ზახაროვა, ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი გააკრიტიკა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ცხინვალის რეგიონის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო.

22 მარტს გავრელებულ განცხადებაში ზახაროვამ აღნიშნა, რომ პროკურორმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს აშშ-ში, ევროკავშირსა და მათ მიერ კონტროლირებად ორგანოებში არსებულ ანტირუსულ ისტერიაში.

„დაკავების ორდერის გაცემის დრო და ასევე ბრალდებულთა შერჩევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ სისხილის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იყო და რჩება დამჯერ ინსტრუმენტად დასავლეთის ხელში“, – განაცხადა ზახაროვამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმადაც, „სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხმა მშვიდობიან ცხინვალს და რუს სამშვიდობოებს“ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს. ზახაროვას თქმით, სასამართლომ გულგრილობა გამოიჩინა „ამ თავდასხმის მსხვერპლი მოქალაქეების უამრავი საჩივრის მიმართ“.

პრესსპიკერმა პროკურორი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ დაკავების ორდერი ომიდან 14 წლის შემდეგ გამოსცა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი არაა ვალდებული ითანამშრომლოს სასამართლოსთან, ვინაიდან ის რომის სტატუსის მონაწილე არ არის. მანვე დასძინა, რომ ჰააგის სასამართლოს ცხინვალის რეგიონზე „არანაირი იურისდიქცია“ არ გააჩნია.

ზახაროვამ ასევე გააკრიტიკა პროკურორის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას ეხება.

2008 წლის ომის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 10 მარტს გამოსცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერი. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენაზე.

პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენაში, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მინძაევი, დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში;  ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე-ფაქტო შს  სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი; და დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი.

კარიმ ხანის განცხადებით, მინძაევს, გუჩმაზოვსა და სანაკოევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის, მძევალთა აყვანისა და უკანონო გადაყვანის გამო.

იმავე განცხადებით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა ამ დანაშაულებში აწგარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალ-მაიორის სავარაუდო როლიც. „სარწმუნოა, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში“.

გამოძიება 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა თანხმობა მისცეს მაშინდელ პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომ გამოეძია 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)