Site icon Civil.ge

ინალ არძინბა კვლავ მოსკოვს სტუმრობს 

ინალ არძინბა რუს დეპუტატებთან ერთად, ფოტო: აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა, რომელიც 22 მარტს მოსკოვში ჩავიდა, სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, დმიტრი მეზენცევს შეხვდა.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებთან შეხვედრაზე არძინბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე იმსჯელა.

შეხვედრის შემდეგ არძინბამ განაცხადა, რომ მხარეებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ფსოუს გამშვებ პუნქტზე გადასვლის პროცედურების გამარტივებაზე ისაუბრეს.

მისი თქმით, საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია არსებულ საერთაშორისო ვითარებაში. არძინბას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ჰქონდა მხედველობაში. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა შეძლონ საზღვრის მშვიდად და უფრო აქტიურად გადაკვეთა“, – აღნიშნა მან.

არძინბამ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა აფხაზეთში 1993 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დახურული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებაც იმსჯელეს. 

22 მარტს, ინალ არძინბამ და დმიტრი მეზენცევმა განათლების, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ბოლო ორ თვეში არძინბა მეზენცევს მოსკოვში უკვე მეორედ შეხვდა.

წინა ვიზიტის დროს, თებერვალში, იგი ასევე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიმაკოვს, და „რაშა თუდეის“ და „სპუტნიკის“ მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.

დღეს მოსკოვში აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანიაც გაემგზავრა, რომელიც, მისი ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)