დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, დევიდ კატლერი, თბილისში 23-24 მარტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ ღარიბშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და აღმოსავლეთ ევროპაში „გაუარესებული“ უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთბების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც „ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, ირაკლი ბერაიამ ნატოს მაღალჩნოსთან შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.
მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ეროვნული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„ირაკლი ბერაიამ სტუმართან საუბარში ხაზი გაუსვა საქართველოს ალიანსში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას და აუცილებლობას“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განხადებაში.
„ჩვენი ერთობლივი მუშაობა იცავს ჩვენს ხალხს“, – განაცხადა გენერალური მდივნის თანაშემწემ ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“, – დასძინა მანვე.
მანამდე, ნატოს მაღალჩინოსანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა.
საგულისხმოა, რომ ვიზიტი ნატო-საქართველოს 22-24 მარტის სამეთაურო სწავლების ფონზე მიმდინარეობს, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის პერსონალი მონაწილეობს.
ასევე წაიკითხეთ:
- ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსანი თბილისს სტუმრობს
- ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)