Site icon Civil.ge

საქართველოს ლიდერების მიმართვა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის“ ღონისძიებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართეს ქართველ და უცხოელ სამხედრო პირებს და დიპლომატებს, რომლებიც „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შეკრებილებისადმი მიმართვისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ამ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება“.

„დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას“, – დასძინა მანვე.

აღნიშნა რა, რომ სწავლებაში ალიანსის 20 პარტნიორი ქვეყნის 560-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ეს თავისთავად პასუხია“.

„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება და აღიარება იმ სანდო და საიმედო პარტნიორობისა, რომელიც საქართველომ მრავალჯერ დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, – განაცხადა მანვე.

მისივე თქმით, დღეს არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად „კრიტიკულად აუცილებელია“ საქართველოს შესაძლებლობების განვითარება კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლების მნიშვნელობას თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით.

„წლების განმავლობაში, ჩვენს მრავალ პარტნიორთან ერთად, მხარდამხარ ვიცავდით და ვიცავთ მსოფლიო მშვიდობას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „მსგავსი სწავლებები ამ მიმართულებით არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა, არამედ აძლიერებს ჩვენს კოორდინაციას და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა ამგვარი სწავლებების ორგანიზებით „კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალკვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს“.

„მინდა, ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან და ნატოსთან „ღირებულებითი ერთობა“ აკავშირებს და დასძინა, რომ „ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით“.

შალვა პაპუაშვილის მიმართვა

„ჩვენი მზადყოფნა და სიფხიზლე მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა – ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველო-ნატოს ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა ერთიანობის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს და ადასტურებს, რომ ნატო აგრძელებს პარტნიორების სუვერენული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს თავდაცვის ძალების 80%-მა ნატოსა და ევროკავშირის მისიების ფარგლებში ღირსეულად იმსახურა. დღეს ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს ურთულესი ამოცანების შესრულება შეუძლიათ“.

„ავღანეთის და ერაყის მიწაზე 35-მა ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო საერთო მიზნებისა და ღირებულებების დაცვისთვის, 300-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო“, – თქვა პარლამენტის თავჯდომარემ.

მანვე დასძინა, რომ „მოხსნილია ყველა კითხვა მათ პროფესიონალიზმსა და მზადყოფნასთან, ასევე, ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობასთან დაკავშირებით“.

„საქართველომ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ნატო-ს სანდო და გამოცდილი პარტნიორია, რომელსაც შესწევს უნარი, თავისი ღირებული წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, – ხაზი გაუსვა პარლანეტის თავმჯდომარემ.

სწავლების შესახებ

„ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში რიგით მესამე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი სწავლება 2016 წელს, ხოლო მეორე 2019 წელს გაიმართა.

ეს სამეთაურო საშტაბო და არა საველე სწავლებაა, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარჩვევებს ავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სწავლება ხვალ, 25 მარტს დასრულდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)