აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე“.
„იმ დღიდან [აშშ-ს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან] მოყოლებული, აშშ გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი“, – განაცხადა მან 24 მარტს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს“.
„ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის“, – დასძინა მანვე.
„მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს აშშ-თან ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ თანამშრომლობს, „იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში“.
„ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ მტკიცე პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ“, – დასძინა მანვე.
პრემიერის თქმით, მომდევნო წლებში „ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება“.
ირაკლი ღარიბაშვილის თმით, აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, „დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში USAID-ის მისიის დაარსებიდან დღემდე, ორგანიზაციამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის 1.8 მლრდ დოლარზე მეტი გამოყო.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ყოფილი პრეზიდენტის სასახლე) გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ვიცე-პრმეიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი; აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და აშშ_ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოლმენი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)