ყოველკვირეული გადაცემა „ახალი კვირის“ აწ უკვე ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია და ჟურნალიტები – თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევასა და ცენზურის მცდელობებში ადანაშაულებენ. გადაცემა ეთერში 2021 წლის დეკემბრიდან აღარ გასულა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედა დარსალიამ თქვა, რომ მაუწყებელი ცდილობდა ისეთი ამბების დაბლოკვას, რომლებიც რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შეეხებოდა. ასევე შედგენილი იყო რესპონდენტთა შავი სიაც, რომლებიც ჟურნალისტებს არ უნდა ჩაეწერათ.
„დაბლოკილი თემები“
იმედა დარსალიას თქმით, ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან რუსეთის შესახებ რაიმე კრიტიკულის დაწერა ჰქონდა აკრძალული.
მისი მტკიცებით, ჟურნალისტს უთხრეს, რომ „როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე არ უნდა დავწეროთ ცუდი რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია“.
დარსალიას თქმით, არხის მენეჯმენტმა ასევე დაბლოკა ბელარუსის აქციების ანალიტიკურ ჭრილში გაშუქება.
„მენეჯმენტს არ უნდოდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა“, – განაცხადა მან.
„უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში“, – თქვა დარსალიამ.
მისივე მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის ანალიტიკურ გადაცემაში ორი წლის განმავლობაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა და „დიდი ბრძოლების შემდეგ, ეს პოლიტიკა დაბრუნდა“.
თუმცა, ჟურნალისტების განმარტებით, მიუხედავად პოლიტიკის გაშუქებაზე მიღებული ნებართვისა, მენეჯმენტი ცდილობდა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო, ან შეემოკლებინა.
თამთა ჯანაძემ, რომელიც ყოველკვირეული გადაცემისთვის პოლიტიკას აშუქებდა, ერთ-ერთ მაგალითად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ სიუჟეტი დაასახელა, რაზეც მისივე თქმით, უთხრეს, რომ ქრონომეტრაჟის უქონლობის გამო სიუჟეტი ეთერში ვერ გავიდოდა.
მანვე 2018 წლის საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ მომზადებულ სიუჟეტიც გაიხსენა, როემლიც მეორე ტურს შეეხებოდა. მისი მტკიცებით, ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, გენერალურმა პროდიუსერმა სიუჟეტიდან სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები ამოჭრა.
„შავი სიები“
რაც შეეხება შავ სიებს, იმედა დარსალიას თქმით, მასში შედიოდნენ – რონდელის ფონდის ექსპერტთა უმრავლესობა, მათ შორის, ზურაბ ბატიაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო, მინისტრი ალექს (ბუკა) პეტრიაშვილი;
ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი; ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე; კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი, ეკა აკობია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ლელა ჯეჯელავა.
დარსალიას თქმითვე, შავ სიაში შედიოდა ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა, მათ შორის, ბათუ ქუთელია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია
იმედა დარსალიას ინფორმაციით, არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საკითხზე დაიწყო ან უნდა დაიწყოს მოკვლევა.
ხაზი გაუსვა რა, რომ გადაცემის ხელმძღვანელი არის ეკა შონია და მასზე ზემდგომი კიდევ რამდენიმე ადამიანია, იმედა დარსალიამ იმედი გამოთქვა, რომ „სამართლიანი“ მოკვლევის შემდეგ, „ის ადამიანები პასუხს აგებენ, ალბათ ამ ყველაფრისთვის, სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე“.
პარალელურად ჟურნალისტები საკითხის მოკვლევისთვის სახალხო დამცველის ოფისსაც მიმართავენ.
ჟურნალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ არხის მენეჯმენტი მათ დასჯას ცდილობს თებერალში სავარაუდო ცენზურის გამო ხმამაღლა საუბრისთვის.
მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია. არხის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს კი – „სრულიად უსაფუძვლო“ და „საგანგაშო“ უწოდა.
„სამოქალაქო საქართველო“ დამატებითი კომენტარისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)