არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს პანდემიის დროს განხორციელებულ გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე და კორუფციულ რისკებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის თქმით, 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 000-მდე მსხვილი კონტრაქტი გააფორმეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, აქედან 1.2 მლრდ ლარი „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით დაიხარჯა“. 715 მლნ ლარი კოვიდ-19-ით გამოწვეული ხარჯები იყო.
გამარტივებული შესყიდვების გზით 486 მლნ ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა; 276 მლნ ლარი სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენაზე; 152 მლნ ლარი სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და „კოვიდ სასტუმროებად“ დაქირავებაზე.
სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა – 44 მლნ ლარი სს „ევექსის ჰოსპიტლებმა“ მიიღო, რომელსაც 28 მლნ ლარით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ მოსდევს.
პარალელურად, გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა – 355 მლნ ლარი სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ“ დახარჯა.
კორუფციული რისკები
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, 1.7 მლრდ ლარის გამარტივებული შესყიდვებიდან 156 მლნ ლარის კონტრაქტები „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა მიიღეს.
„156 მლნ ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება. რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის, 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში, სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.
ამასთან, პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახლადდაფუძნებულმა (6 თვეზე ნაკლები დრო რეგისტრაციიდან) კომპანიამ მიიღო.
მათგან 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მაგალითად, კომპანია „დი ჯი ელს“ „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 900 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი დაფუძნებიდან 6 დღეში გაუფორმა.
ანგარიშის მიხედვით, ახალდაფუძნებულ კომპანიებისთვის კონტრაქტების გაფორმებით ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან.
„ახალბედა კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა კორუფციის რისკებს ზრდის და საქონლის ან მომსახურების ხარისხის მიმართ კითხვებს აჩენს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)