Site icon Civil.ge

ირაკლი კობახიძე: ენმ სახელმწიფოს „ალტ-ინფოზე“ ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა, „ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ არჩევნებში და გარკვეულ წარმატებას აღწევენ“.

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელმაც მას სთხოვა დაეზუსტებინა, თუ ვის გულისხმობდა იგი, როდესაც თქვა, რომ, პრორუსული პარტიები პარლამენტშიც გვყავს.

„პრორუსულ პარტიებს რაც შეეხება, პრორუსული პარტიები ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, პარლამენტშიც“, – უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ეს არის სამწუხარო რეალობა და თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს, რთულია ხოლმე რეაგირება“, – დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

„იგივე ეხება ტელევიზიებსაც“, – ხაზი გაუსვა კობახიძემ და დაამატა, რომ „არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას, სიძულვილის პროპაგანდას, პოლარიზაციის პროპაგანდას და აქაც, სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური“. მან დიდი ალბათობით, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიები – „მთავარი არხი“, ფორმულა და „ტელეკომპანია პირველი“ იგულისხმა.

„მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ასეთი ეჭვები გვაქვს“, – უთხრა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად, საქართველოში არ წყდება ხელისუფლებისადმი მოწოდებები, რომ „ალტ-ინფოს“ ტელევიზიას და მათ მიერვე დაფუძნებულ პარტია კონსერვატიულ მოძრაობას საქმიანობა შეუზღუდონ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიული ოფისების გახსნა საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ გადაცემაში „ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა“. თუმცა, კომისიამ დაუშვებლად ცნო „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი, სადაც იგი „ალტ-ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. მარიკაშვილის მტკიცებით, „ალტ-ინფო“ უკრაინაში რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას ცდილობდა, რასაც არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.

კომისიამ ასევე მიიჩნია, რომ საკითხის განხილვა, მხოლოდ კონკრეტული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

„ალტ-ინფო“ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის შემდეგ მოექცა. აქცია მალევე ჟურნალისტებზე ჰომოფობიურ თავდასხმაში გადაიზარდა, რა დროსაც, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.

მაშინ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას, მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წამყვანის, ზურაბ მახარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრისკენ მოუწოდა. მახარაძე ამჟამად „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეცაა.

მიუხედავად მოწოდებისა, ამ დრომდე, 5 ივლისის ძალადობის არცერთი ორგანიზატორია დაკავებული და არც ბრალი აქვს წარდგენილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)