Site icon Civil.ge

რუსეთთან მიერთებაზე ბიბილოვის განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ქალაქი ცხინვალი, ფოტო: south-ossetia.info

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით.

„ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანებაა და ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა“, – თქვა მან.

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის ამ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება მოჰყვა.

ქვემოთ საკითხზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებებია მოცემული:

ქართული ოცნების გამოხმაურება

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპში, ეს არ არის ახალი, იმ კუთხით, რომ პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვფიქრობ, ესეც ნაწილია შიდა პოლიტიკური საკითხისა. თუმცა, თავისთავად, არანაირ რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები და ასეთი სახის მიმართვები, მაგრამ ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი, რა თქმა უნდა, არ აქვს“.

გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „წინასაარჩევნო პერიოდია, კვლავ ამ თემამ წამოიწია და რა საკვირველია, ბიბილოვი და ნებისმიერი სხვა, ცდილობს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ იყვნენ მოაზრებულნი და წარმატება ამით მოიპოვონ… ეს არის რეალურად ის ერთადერთი, რასაც სამხრეთ ოსეთი ხელისუფლება, თუნდაც სხვა კანდიდატებიც ეჭიდებიან. სხვა შეთავაზება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის არაფერი არ აქვთ… რუსეთის ფედერაციისთვისაც საკმაოდ მძიმე იქნება, ასეთი დონის საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა“.

ირაკლი ქადაგიშვილი – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ [ამ] პროვოკაციის გამო, ჩვენ მოვახდენთ ისეთი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას, რომ რუსეთს უფრო დიდი პროვოკაციის საშუალება მივცეთ საქართველოში, ამას არ გავაკეთებთ…. თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ვიყოთ ხისტები, უფრო მიმწოლები, უფრო პროვოკაციულები…, ფიქრობთ, რომ ბიბილოვი ამით უფრო რბილი გახდება და შეშინებული და ეს მხოლოდ ბიბილოვის აზრია, რასაც ლაპარაკობს? ამიტომ, ვიმეორებ, რომ [უნდა] ვიყოთ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულნი და არა პროვოკაციის გაღრმავებაზე… განცხადებით იწყება პროვოკაცია…, ყველა ომი იწყება განცხადებით“

ოპოზიციის გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა. შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ, ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ“.

თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „რუსეთის მხრიდან სრულ ანექსიაზე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საუბარი, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით ახლა. თუმცაღა, დარწმუნებული ვარ, უკრაინა ამ ომში, სტრატეგიულად ეს დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გაიმარჯვებს და, შესაბამისად, ამ გამარჯვების ნაწილი გახდება საქართველოც“.

ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ყოვლად უხერხემლო და კაპიტულანტური პოლიტიკა იწვევს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალის მადის ზრდას და მადის ზრდა სწორედ გამოიხატება იმაში, რომ ახლა, მათ მიერ დასმულმა პირსისხლიანმა გენერალმა გამოაცხადა – ჩატარდეს ე.წ. რეფერენდუმი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. ეტყობა, მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ მათთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქართული ოცნება, იმისთვის რომ გაიფორმონ ანექსია“.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ბიბილოვმა თვითონ გააკეთა განცხადება, როგორ ფიქრობთ?! ეს მისი, პოზიციაა თუ რუსეთის?! ღირსეული, პრინციპული პოზიცია მოგიტანს შედეგს, სხვა შემთხვევაში ასეთ პასუხს მიიღებ რუსეთისგან ყოველთვის, რომელიც არის აგრესორი, ოკუპანტი, რომელსაც უნდა ჩაგითრიოს საბჭოთა მოჯადოებულ მენტალობაში. მხდალი პოზიცია, რაც ქართული ოცნების მხრიდან არის, ხომ ვხედავთ რომ შედეგი არ აქვს ამას. ვითომ რბილი ტონალობით უნდათ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგონ და სინამდვილეში ეს არ ხდება, ვხედავთ ამას ბიბილოვის განცხადებაში. მეორე მხრივ, დასავლეთის მხარდაჭერას ვკარგავთ“.

იაგო ხვიჩია – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: „ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ დასავლეთთან მართლა მჭიდრო და გულწრფელი ინტეგრაციით, რომ ჩვენი ეს პრობლემა გახდეს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი სამყაროსთვის გასაგები პრობლემა, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიას აწარმოებს უკრაინაში, არ გაჩერებულა და არც გაჩერდება, თუ მას სხვანაირი, სათანადო პასუხი არ გაეცა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)