ყაზახეთი ცდილობს, რომ საკუთარი საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული სამხრეთ კავკასიური დერეფნები მოიძიოს იმ ფონზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო რუსეთი საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა.
„ამჟამად მიდის მუშაობა ტვირთების ნაკადის ტრანსკასპიური საერთაშორისო ტრანსსასაზღვრო მარშრუტის და აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი TRACECA-ს მეშვეობით გადამისამართების თაობაზე“, – განაცხადა ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახურმა 29 მარტს.
იმავე დღეს, მთავრობის სხდომაზე, ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და თურქეთთან მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე.
შეთანხმება ადგილობრივი გადამზიდავებისთვის ერთიანი ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება, შემდეგ ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს და საქართველოს გადის და ევროპული ქვეყნებისკენ მიემართება.
ბათუმის და ფოთის პორტები მარშრუტის რეგულარული საფიდერო ხაზის ნაწილს წარმოადგენდა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო რკინიგზა მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტის მუდმივი წევრი იყო.
ყაზახეთი ასევე მუშაობს საკუთარი საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ლატვიის პორტებში გადამისამართებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)