Site icon Civil.ge

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იეპე კოფოდი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იეპე კოფოდი, რომელიც თბილისსს სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანსა და დეპუტატებს შეხვდა.

საქართველოს ლიდერებთან შეხვედრებზე დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია, უსაფრთხოების კუთხით რეგიონული გამოწვევები, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.

„რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლადშექმნილი ,,შესაძლებლობის ფანჯარა“ ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე“, – უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა იეპე კოფოდს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.

ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ დანიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ სრული მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განაცხადის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

„დანიის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე, საქართველოს პარლამენტში სტუმრობისას მინისტრ კოფოდს თან დანიელი კანონმდებლების დელეგაცია ახლდა, მათ შორის იყო, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბერტელ ჰარდერი.

ისინი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს; მის მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს; ასევე ქართული ოცნების დეპუტატს, მარიამ ლაშხს; ევროპელის სოციალისტების დეპუტატს, დავით ზილფიმიანს; დამოუკიდებელ დეპუტატს, გრიგოლ ვაშაძესა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, რამაზ ნიკოლაიშვილს შეხვდნენ.

ასევე, 31 მარტის შეხვედრაზე, დანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთთან მიერთების შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი „რეფერენდუმი“.

საქართველოს და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები პრესისთვის

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესსკონფერენციაზე, ზალკალიანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დანიელი დიპლომატის ვიზიტი საომარი მოქმედებების დროს, „არის კიდევ ერთი დასტური იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“.

ზალკალიანის თქმით, მათ ისაუბრეს იმაზე, თუ „რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ერთიანი და აქტიური, რათა შეჩერდეს აგრესია და შეწყდეს ომი, იმისთვის, რომ გაჩნდეს შესაძლებლობა, მსოფლიო დაუბრუნდეს საერთაშორისო პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგს“.

რუსული ოკუპაციის შესახებ საუბრისას, საქართველოს მთავარი დიპლომატი ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან მიერთების თაობაზე „რეფერენდუმის“ გამოცხადების საკითხსაც შეეხო.

„მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ასეთ რეფერენდუმს კანონიერი ძალა არ ექნება მაშინ, როდესაც ასიათასობით საქართველოს მოქალაქე განდევნილია საკუთარი სახლებიდან.

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა პროვოკაციებს არ წამოეგება და მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული დარჩება.

„გუშინ, შევიტყვეთ სამხრეთ ოსეთში შესაძლო რეფერენდუმის გამოცხადების შესახებ და ასევე ვხედავთ რუსეთის ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ დემოკრატიული საქართველოსთვის და თქვენი პარტნიორი ვიქნებით რეფორმების პროცესში“.

„ჩვენ ვიდგებით თქვენს და სხვების გვერდით, ვინც პატივს სცემენ საერთაშორისო წესებს და დემოკრატიულ ღირებულებებს“, – დასძინა მან.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო „პუტინის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ, აგრესია [და] დამპყრობლური ომი“.

მისი თქმით, დანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს „მკაცრ სანქციებს და კოორდინირებულ დიპლომატიურ ძალისხმევას“ უკრაინაში ომის საპასუხოდ. „ჩვენ მეტს გავაკეთებთ და არ გავჩერდებით, სანამ პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში“.

„მე მადლიერი ვარ – და მინდა ხაზი გავუსვა ამას – საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო არენაზე, გაერიოში, ადამიანის უფლებათა საბჭოში“, – განაცხადა დიპლომატმა, თუმცა იქვე დასძინა – „მოვუწოდებთ საქართველოს, რომ შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)