დღეს სატელეფონო საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და მისმა ყაზახმა კოლეგამ, მუხთარ ტლეუბერდიმ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულების შემდგომ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიანი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.
საუბარი იმ ფონზე შედგა, როდესაც ყაზახეთი ცდილობს, რომ საკუთარი საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული სამხრეთ კავკასიური დერეფნები მოიძიოს მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო რუსეთი საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა.
ყაზახეთის მთავრობამ 29 მარტს განაცხადა, რომ ამჟამად მიდის მუშაობა ტვირთების ნაკადის ტრანსკასპიური საერთაშორისო ტრანსსასაზღვრო მარშრუტის და აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი TRACECA-ს მეშვეობით გადამისამართების თაობაზე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)