საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 31 მარტს განაცხადა, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
სუს-მა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მოქმედი სამხედროა.
მანამდე, ოკუპირებული ცხინვალის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა“ განაცხადა, რომ 26 მარტს „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ კვეთისთვის საქართველოს მოქალაქე, ლევან მაჩაბელი დააკავეს.
საგულისხმოა, რომ კომიტეტმა აღნიშნა, რომ მაჩაბელი 2005-2009 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.
„სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციისა და შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოს ცალკეული მოქალაქეები და ნაციონალისტურ და ექსტრემისტულ პოზიციებზე მყოფი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისა და სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციების განხორცილების შესაძლებლობების განხილვას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცხინვალის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ მტკიცებით, მაჩაბელი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას ცდილობდა. „როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას ამაზე უარი უთხრეს, მაჩაბელმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლისა და რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან მიმართებით პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პოლიციელებმა, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად სოფელ კერესთან პატრულირებდნენ, მაჩაბელს ე.წ. გამყოფი ხაზის გადაკვეთაში ხელი არ შეუშალეს.
ამავე განცხადებით, ქართული რადიკალური, პროდასავლური და ექსტრემისტული ძალების მიერ რუს და სამხრეთ ოსეთის სამხედროების წინააღმდეგ გამოყენებული ნებისმიერი ძალისმიერი ქმედების მცდელობა შეფასდება როგორც საერთაშორისო დივერსია და ტერორისტული ქმედებები.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)