ჭიათურის სოფელ ითხვისში, სადაც ადგილობრივები უკვე დიდი ხანია, რაც სამთომოპოვებით სამუშაოებს აპროტესტებენ, წინასწარი მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მნიშვნელოვნად დაზიანდა და აღდგენა-შეკეთებას აღარ ექვემდებარება 12 საცხოვრებელი სახლი.
ჭიათურის მერიაში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ჯამში მსგავსი პრობლემის შესახებ 95-მდე ოჯახი საუბრობს.
მედიის ცნობით, მასობრივად ინგრევა ითხვისამდე მისასვლელი გზები და ფერდობები. ამასთან, სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენეგია და სასმელი წყალი. სოფელში ახლა 1 900-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ამასთან, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებული 17 ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებში გადაიყვანეს. მერია მათ ქირით უზრუნველყოფს.
ადგილობრივები შექმნილ პრობლემებში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ადანაშაულებენ, რომელიც ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ჭიათურაში სამთომოპოვებით საქმიანობას ეწევა. თუმცა, კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალური კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე და ზარალის მიზეზების დადგენამდე, მოსახლეობას ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები მოკვლევისთვის სოფელში გუშინ ჩავიდნენ.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ 31 მარტს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, რომ დასახლებულ პუნქტებზე წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს.
„მიუხედავად ამისა, კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა შესაბამის ორგანოსთან დახმარების ფორმისა და სახის შერჩევაში“, ნათქვამია განცხადებაში და იქვე ხაზგასმულია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველთვის ძლიერი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს.
კომპანიამ ასევე განმარტა, რომ ის ჭიათურაში 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ტერიტორიაზე კი – სხვადასხვა გეოლოგიური პროცესები ჯერ კიდევ 2000-იან წლებში განვითარდა. „მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს, ძველი, 80-90 იან წლებში წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია’, – ხაზგასმულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება
არასამათავრობო ორგანიზაციებმა – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ბუნებრივ, გეოლოგიურ პროცესებთან დაკავშირების გამო გააკრიტიკეს.
ამასთან, არასამთავრობოების თქმით, კომპანია ხშირად დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებას არაფორმალური მოლაპარაკებებით ცდილობს.
„სახელმწიფო უწყებებისა და სამართლებრივი ბერკეტების გარეშე დარჩენილი მაცხოვრებლები იძულებულნი ხდებიან უსამართლო, მწირ კომპენსაციას დათანხმდნენ, ხოლო პრობლემა მოუგვარებელი რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უფლებადამცველებმა სახელმწიფოც გააკრიტიკეს, რომელიც ის სამთომომპოვებელი კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორების „ქმედით ზედამხედველობას“ არ ახორციელებს, რის გამოც „ჭიათურის სოფლები მუდმივი საფრთხისა და შიშის პირობებში ცხოვრობენ“.
არასამთავრობოების თქმით, კომპანიას „პასუხისმგებლობის არიდებას უადვილებს უკიდურესად ბუნდოვანი სამართლებრივი მოწესრიგებაც“. „„ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმს თითქმის სრულად ქვე-კონტრაქტორების, ე.წ. „კოოპერატორების” გავლით მოიპოვებს, ხოლო უშუალოდ კომპანიას სპეციალური სახელმწიფო მმართველი მართავს. ასეთ პირობებში კომპანია ფაქტობრივად გასულია სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ითხვისის მოსახლეობისთვის ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფას და სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ქონების დაზიანების გამომწვევი მიზეზების ობიექტური შესწავლა და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამასთან, ჭიათურაში მოპოვების სათანადო რეგულირებისთვის საჭიროა განსახლებისა და კომპენსირების სამართლიანი სტანდარტის დაწესება“, – ხაზი გაუსვეს უფლებადამცველებმა.
ასევე წაიკითხეთ:
- სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო კომპანიას ზემო რაჭაში საქმიანობა შეუჩერეს
- შუქრუთელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმების შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)