Site icon Civil.ge

უნგრეთი: ორბანი “ომის პარტიას” ერკინება?

რა ხდება: უნგრეთში 3 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთ-უკრაინის ომი საარჩევნო კამპანიის საკვანძო თემად იქცა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი: პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2010 წლიდანაა ქვეყნის სათავეში და ევროპაში “ანტი-ლიბერალური” ბლოკის ლიდერად იქცა. ამ არჩევნებში მას ოპოზიციური კოალიცია სერიოზულად ეცილება.

ორაზროვანი პოლიტიკა: ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა და ქვეყანაში 360 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ამასთან ერთად, მან უარი თქვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის დასახმარებლად მიმართული იარაღის გატარებაზე, ხოლო ევროკავშირის ფარგლებში რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციების დაწესებას ეწინაარმდეგება.

შფოთი მემარჯვენეებში: რუსეთთან სიახლოვის გამო, ორბანს “ანტი-ლიბერალური” პოზიციისადმი სიმპათიით განწყობილმა ქვეყნებმაც კი თავი მისგან შორს დაიჭირეს:

ორბანის შანსები მაინც მაღალია: უნგრელების უკრაინელებისადმი ზოგადი სიმპათიის მიუხედავად, არჩევნებში ორბანის გამარჯვების ერთ-ერთ საწინდარად ეროვნული დაფარვის მას-მედიის 80%-ის კონტროლი შეიძლება იქცეს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ორბანის მხარდამჭერი მედია “კრემლის პროპაგანდის რეცეპტებით” მუშაობს, ნათქვამს “არანაირი კავშირი აღარ აქვს ფაქტებთან”. მეორე ფაქტორი ისაა, რომ “ფიდესმა” ქვეყნის გარეთ მცხოვრები ეთნიკურ უნგრელებისთვის მოქალაქეობის დარიგებით ფრიად გაიზარდა ამომრჩევლების ოდენობა. ფოსტით გაგზავნილი მათი ბიულეტენები ხშირად ორბანის ყულაბაში აღმოჩნდება ხოლმე. რუმინეთის ტრანსილვანიაში გუშინ დამწვარი ბიულეტენები აღმოაჩინეს – მთავრობა და ოპოზიცია ამას ერთმანეთს აბრალებს.

რას უნდა ველოდეთ: ჩანს, ორბანს კიდევ ერთი საპრემიერო მანდატის დაბევების სერიოზული შანსი აქვს. ოპოზიციას ჯერაც აქვს გამარჯვების იმედი, რადგან სოციოლოგიურ გამოკითხვებში 5%-იანი სხვაობა შეიძლება არჩევნების დღეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს. თუმცა, რეალისტურად თუ ვიმსჯელებთ, თუკი ორბანის “ფიდესი” პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის გარეშე დარჩა, ეს უკვე ოპოზიციის წარმატებად შეგვეძლება ჩავთვალოთ.

სტატია მომზადდა POLITICO, AXIOS, EUObserver მასალებზე და საკუთარ თავზე დაყრდნობით