საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა.
121 უბნის მონაცემებით, ირაკლი შატაკიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 90.61% (34 333 ხმა) მიიღო.
მის კონკურენტს, მამუკა ტუსკაძეს მხარი ამომრჩევლის 6.952%-მა (2 634 ხმა) დაუჭირა, კამალ მურადხანოვს კი – 2.436%-მა (923 ხმა).
შატაკიშვილს მანამდე კერძო სექტორში საქმიანობდა და სხვადასხვა კომპანიაში მმართველი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, სამთომოპოვებით კომპანია „რიჩ მეტალს გრუპში“ (RMG), რომელიც საქმიანობას ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებს.
ქართული ოცნების კანდიდატმა გამარჯვება მინიმალური კონკურენციის ფონზე მოიპოვა, რამდენადაც ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.
ქართული ოცნების კანდიდატის მეტოქე ლელოს წევრი, ბადრი ჯაფარიძე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მმართველმა გუნდმა სადეპუტატო მანდატი მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თუმცა, მან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მიზეზით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 40 559-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 29% იყო.
საქართველოს პარლამენტში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური 2 დეკემბერს მას შემდეგ გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის მერად არჩევის შემდეგ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)