Site icon Civil.ge

ბათუმის შუალედური არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატმა დარღვევების შესახებ ცნობების ფონზე მოიგო

ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის 2 აპრილის შუალედური არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ დარღვევების შესახებ ცნობების ფონზე მოიგო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 14 უბნის შედეგებით ჯინჭარაძემ ამომრჩეველთა ხმების 69.013% (7 225 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 30.987% (3 244 ხმა).

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟია. ფუტკარაძე, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე, ნოემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა. საკრებულოში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური სწორედ ამის შემდეგ გახდა. მაშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ფუტკარაძის გადაბირებაში ადანაშაულებდა.

ცესკოს ცნობით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 10 578-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 51.3% იყო.

2021 წლის თვითმმართველობის 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ვერ ქართულმა ოცნებამ მოიპოვა და ვერც ოპოზიციამ.

დიდი ალბათობით, შუალედურ არჩევნებში ჯინჭარაძის გამარჯვება ქართულ ოცნებას უმრავლესობის შეკვრისა და, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესაძლებლობას მისცემს.

ახლა, ქართულ ოცნება საკრებულოში 17 დეპუტატი ეყოლება. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას 14 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის – 2, ლელოს – 1, ერთიც – ირაკლი თავდგირიძე, დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელმაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია, თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე დატოვა.

სავარაუდოდ, ქართულ ოცნებას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში სწორედ თავდგირიძე დაეხმარება.

ცნობები დარღვევების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ განაცხადა, რომ ბათუმის შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან, როგორც კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე, ისე 100 მეტრის ფარგლებს მიღმა, დაფიქსირდა პირთა საეჭვო შეკრება.

ორგანიზაციის განცხადებით, #79 და #100 საარჩევნო უბნებთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებიც იმყოფებოდნენ.

„სამართლიანი არჩევნებისვე“ ინფორმაციით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ ამომრჩეველთა აღრიცხვაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციის აკრედიტებული დამკვირვებლებიც, მათ შორის, „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ და „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“.

„ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული ვერბალური კომუნიკაცია“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“.

ასევე, ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასობით სოციალურად დაუცველი მოქალაქე ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე დაარეგისტრირეს, რათა მათ შუალედურ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გამოხმაურება

„რამდენი სიცრუეც არ უნდა მოვისმინოთ, რამდენი სკანდალი, აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს და [არჩევნების] ლეგიტიმაციას კითხვებს ვერ გაუჩენს, იმდენად დიდია ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

„ბათუმის ამ ოლქში არჩევნები ტარდებოდა ელექტრონული კენჭისყრით, რაც არის ნოვაცია…, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერ ჩარევას საარჩევნო პროცესში“, – დასძინა მან.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ შემდეგი დღეებიდან, „საკრებულოს გამართული  ფუნქციონირებით, მყარი უმრავლესობის ფორმირებით, შევძლებთ, რომ ბათუმის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა ეფექტურად გადავჭრათ“.

თავის მხრივ, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირთაძემ თქვა, რომ „რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ და, ბუნებრივია, ამის მოლოდინი ძალიან  ბევრს ჩვენს გუნდში, მათ შორის, ჰქონდა… 14 უბანში რა ტიპის „არჩენების“ ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და [ვლადიმირ] პუტინის ქართულ ოცნებას, ყველამ კარგად ვიცით“.

„დაშინების შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, როდესაც დღეს ჩვენ გავედით ამ არჩევნებზე“, – დასძინა კირთაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)