ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ახალ, დამოუკიდებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები „თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, ხოლო მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად იგდებს ძალაუფლებას ხელში და ამასთან, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისათვის“.
ანგარიშის ხსენებული ნაწილი, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, ევროპარლამენტის დაკვეთით გარე შემფასებელმა, სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა და ევროპის კოლეჯის მოწვეულმა პროფესორმა, ლორა დელკურმა მოამზადა.
კანონის უზენაესობა
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან მიმდინარე მოვლენები ასოცირების შეთანხმების შესრულების გზაზე „სერიოზულ უკუსვლას“ წარმოადგენდა. კერძოდ, აღნიშნულია „მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა, ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ“.
ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი სურათია. ამასთან მნიშვნელოვნად გაუარესებულია ქართული მედიის მდგომარეობა.
„სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა საქართველოში კიდევ უფრო გართულდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, მასზე გავლენას ახდენს მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისათვის არსებული არხების ეფექტიანობა „სერიოზულად ეჭვქვეშ დგება“.
დადებით ნოტზე დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020-2021 წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ასევე დადებითად შეფასდა ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსი.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა, მოსალოდნელია შრომითი უფლებების არსებითი გაუმჯობესება შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდის გამო. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და დანაშაული მათ წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც საქართველო რეგიონალურ ლიდერად რჩება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციის რეფორმა ძირითადად განპირობებულია უფრო ეფექტიანი მენეჯმენტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობით, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სურვილით.
თანამშრომლობა ევროკავშირთან, რუსეთის სანქციები
ანგარიშის თანახმად, საქართველო მუდმივად ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.
„დადებითად არის შეფასებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა“.
ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა კოვიდის გამო, ქვეყანა კარგ შედეგებს აღწევს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.
ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კლიმატი
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით სწორ გზაზეა, ის კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.
თუმცა, დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)