საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 აპრილს მოუწოდა უკრაინას „დაუყოვნებლივ“ მოაწოდოს კიევის მიერ გაჟღერებული ბრალდების დამდასტურებელი მტკიცებულებები, თითქოს მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.
სუს-ში განაცხადეს, რომ რუსეთთან მსგავსი „ფარული კავშირებით“ საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
„საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის განცხადებით, თუკი უკრაინული მხარე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების დამადასტურებელი ინფორმაციის გაცვლაზე თავს შეიკავებს, ის „წინასწარგანზრახულ დეზინფორმაციად“ ჩაითვლება.
უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება „უკიდურესად არამეგობრული და პროვოკაციული ნაბიჯი“, რომელიც „მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“.
სუს-ის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ბრალდებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინ უკვე შეხვდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს.
„ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული“, – განაცხადეს სუს-ში.
გუშინ, ოფიციალური კიევის „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც უარყო. „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“, – თქვეს უწყებაში.
4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საერთაშორისო „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.
„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადეს უწყებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)