Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ბრიუსელში ჟოზეპ ბორელს შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც ბრიუსელს ახალ რანგში პირველად სტუმრობს, დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს შეხვდა.

დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მათ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგი და ამ კონტექსტში მისი პროგრესი განიხილეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოსა და ევროკავშირის როლზე რეგიონულ სტაბილურობაში.

„მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – თქვა, თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„ევროკავშირის საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კონტექსტში, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების კუთხით“, – დასძინა მან.

მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 8 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, იგი 7 აპრილს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ილია დარჩიაშვილმა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომლმაც 4 აპრილს აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)