Site icon Civil.ge

უკრაინაში ქართველი მოხალისე ექიმები ჩავიდნენ

ქართველ მოხალისე ექიმთა ჯგუფი უკრაინის ქალაქ კოლომიაში ჩავიდა, ფოტო: ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ვეტერანთა ჰოსპიტალი

ათი ქართველი ექიმისგან შემდგარი სამედიცინო ჯგუფი ცოტა ხნის წინ დასავლეთ უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში კოლეგების დასახმარებლად ჩავიდა. დაახლოებით 60 000 მოსახლიანმა ქალაქმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან დევნილი 40 000-მდე მოქალაქე შეიფარა.

პარტიამ ლელო საქართველოსთვის, რომელიც ექიმების ჯგუფს გამგზავრებაში დაეხმარა, 4 აპრილს განაცხადა, რომ ექიმებმა ჰუმანიტარული დახმარების სახით სამედიცინო დანიშნულების სხვადასხვა ნივთი წაიღეს, მათ შორის ვიდეო-ლარინგოსკოპი, ჟანგბადის კონცენტრატორი, მონიტორი, ტრავმატოლოგიური ხელსაწყოები და მედიკამენტები.

ამავე განცხადებით, პაციენტების მოვლის, სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მუშაობისა და ტრენინგების ჩატარების პარალელურად, ლელოს ექიმების ჯგუფი სამედიცინო ოპერაციებსაც ჩაატარებს.

ლელოს ცნობით, ქართველ ექიმთა ჯგუფი კოლომიაში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით გაემგზავრა.

ქართველ ექიმთა ჯგუფში შედიან: ვატო სურგულაძე, ვაჟა გაფრინდაშვილი, რამაზ ზოსიაშვილი, კახაბერ ჩიხრაძე, ბაკურ მეტრეველი, ნიკოლოზ მახარაძე, ნუგზარ ჩხიკვაძე, კონსტანტინე მელნიჩუკი და ნათელა მელნიჩუკი. მათ პოლონეთში ქართველი ექიმი გიორგი პატარაიაც შეუერთდა.

„დღეს ჩვენი მეგობრები საქართველოდან ესტუმრნენ საავადმყოფოს – ისინი არიან ექიმები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ქვეყანა, სამსახური, ოჯახი და მოვიდნენ ჩვენი დაჭრილი ბიჭების სამკურნალოდ“, – დაწერა ივანო ფრანკოვსკის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალმა 5 აპრილს Facebook-ზე.

ჩვენ ამას არ დავივიწყებთ! ღმერთი ჩვენთანაა, მთელი მსოფლიო და უკრაინა! ერთად გამარჯვებამდე!“, – ნათქვამია ჰოსპიტლის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)