ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 აპრილი, N20
საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა დეკლარაცია
საქართველო ორი ათასი წელი არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1783 წელს საქართველოს მეფე ერეკლე მეორემ სპარსთა და ოსმალთა მუდმივი შემოსევით შევიწროებულმა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორესთან დადო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველო თავისი ნებითვე რუსეთის პროტექტორატს აღიარებდა, ხოლო უკანასკნელი ვალდებულებას კისრულობდა საქართველოს გარეშე მტერთა მოგერიებაში დახმარებოდა და მისი სახელმწიფოებრივი მართველობა ხელუხლებლათ დაეცვა.
1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება და საქართველო რუსეთის პროვინციათ გამოაცხადა. ამ ძალდატანებითი აქტის წინააღმდეგ თავის დროზე პროტესტი განაცხადა ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომელთაც არც შემდეგ დაუდასტურებიათ საქართველოს ანექსია.
ქართველი ერი ამ ანექსიის წინააღმდეგ ამხედრდა და მთელი საუკუნის განმავლობაში მრავალი აჯანყებით და რევოლუციონური აქტით უპასუხებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
რუსეთის რევოლუციის პროცესში, როცა მეფის იმპერია შემდგენელ ნაწილებათ დაირღვა, საქართველომ აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. დემოკრატიული წესით არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა რესპუბლიკის კონსტიტუცია და დაამკვიდრა სახელმწიფოებრივი წესრიგი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა „დე იურეთ“ იცვნეს მოწინავე სახელმწიფოებმა.
თვით საბჭოთა რუსეთმა 1920 წელს 7 მაისს ხელშეკრულებით ყოველივე პირობის გარეშე აღიარა საქართველოს სრული სუვერენობა.
მიუხედავათ ამისა 11 თებერვალს 1921 წელს საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლათ შემოესია დამოუკიდებელ საქართველოს. ქართველმა ერმა ერთსულოვანი წინააღმდეგობით გასცა პასუხი, მაგრამ მოკლებული საკმაო იარაღს, ის ომში ძლეულ იქმნა.
საქართველოში სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი დამკვიდრდა, დემოკრატიული წყობილებების ნაცვლათ საბჭოთა რუსეთის მიერ დანიშნულ საქართველოს რევკომისა და ჩეკის დიქტატურა დაწესდა.
ოკუპანტებმა გაძარცვეს მთელი საქართველო, მიანგრ-მოანგრიეს მიმოსვლის საშუალებანი, მრეწველობა გაანადგურეს და წესიერი აღებ-მიცემლობის პირობები მოსპეს. მთელი ქართველი ერი და საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია რუსეთის სამხედრო ოკუპაციას ებრძვის. ოკუპაციის წინააღმდეგ 1921 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს მუშათა კლასმა გაფიცვა გამოაცხადა და მას მთელი ქართველი ხალხი მიემხრო. საქართველოს ორი კუთხე სვანეთი და ხევსურეთი საბჭოთა რუსეთ აშკარათ აუჯანყდა და მისი ძალა-უფლება დაამხო. მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთის შემოსევის წლის თავზე, მთელი საქართველო ფეხზე წამოდგა. მუშათა კლასმა, გლეხკაცობამ და მოსწავლე ახალგაზრდობამ დემონსტრაციები და გაფიცვები მოაწყვეს და ერთსულოვნათ მოითხოვეს საოკუპაციო ჯარის გაყვანა და დამოუკიდებელ დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. საოკუპაციო მართველობამ ამოძრავებული ხალხის წინააღმდეგ იარაღს მიმართა და რეპრესიები უკიდურესად გააძლიერა. ბრძოლა გრძელდება და მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის მართველობა ამ ჟამათ ცდილობს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა კონცესიებათ გაცემას. მოსკოვის საბჭოთა მთავრობა ლამობს გენუის კონფერენციაზე საქართველოს სიმდიდრით ივაჭროს.
ჩვენ, წარმომადგენელი საქართველოში მოქმედ სამი მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციისა – სოციალ-დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული პარტიის (ბურჟუაზიულ-აგრარულ პარტიათა ბლოკი) [ყოფილი ეროვნულ-დემოკრატები, ნაციონალისტები, უპარტიო მემარჯვენეები და სხვები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] და სოციალ-ფედერალისტთა პარტიის , რომელთაც დამოუკიდებლობის ერთსულოვნათ დამცველ დამფუძნებელ კრებაში ემხრობოდა დეპუტატთა 93%, ვაცხადებთ:
- დამოუკიდებელ საქართველოს სახელით უცხო სახელმწიფოებთან მოლაპარაკება, ხელშეკრულებათა დადება და კონცესიათა გაცემა შეუძლიათ მხოლოდ დამფუძნებელი კრების მიერ არჩეულ ჟორდანიას მთავრობას.
- ყოველგვარი კონცესია და ხელშეკრულება დადებული ზემოთ ნაჩვენები წესის დარღვევით რუსეთის საოკუპაციო მართველობის მიერ ქართველი ხალხისათვის სავალდებულო არ არის და ყოველივე მნიშვნელობას მოკლებულია.
- საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და იქ თავისი საოკუპაციო რეჟიმი დააწესა, რომელიც დღემდის გრძელდება. ასეთი აქტი რუსეთისა სრულია ეწინააღმდეგება იმ დებულებას, რომელიც კანის კონფერენციის რეზოლუციის მეექვსე მუხლში არის აღნიშნული და რომელიც დიდ სახელმწიფოთა დადგენილებით სავალდებულოა მეზობელ სახელმწიფოთა ურთიერთობაში. მთელი ქართველი ხალხის სახელით ჩვენ მოვითხოვთ საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და ოკუპაციის გაუქმებას, რასაც ბუნებრივათ მოყვება რესპუბლიკის კონსტიტუციის მიერ დაწესებული კანონიერი რეჟიმის აღდგენა.
- თუ ეს სამართლიანი მოთხოვნილება არ იქმნა დაკმაყოფილებული მშვიდობიანი გზით, არსებულ საერთაშორისო უფლებრივ ნორმათა თანახმად, ქართველი ხალხი იძულებული იქნება მიმართოს ბრძოლის ყოველნაირ საშვალებებს კანონიერი სახელმწიფოებრივ უფლებათა აღსადგენათ და რუსეთის საოკუპაციო მართველობას და უკანასკნელის კონტრაგენტთა მიერ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეთა მოსალოდნელ გაფლანგვის თავიდან ასაცილებლათ.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით: საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, დამფუძნებელი კრების წევრი თფილისის მოურავი ბენია ჩხიკვიშვილი
საქართველოს დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებულ ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, მიწის მესაკუთრეთა და რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიები და უპარტიოთა კავშირი) სახელით: დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ვეშაპელი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომრის ამხანაგი ექვთიმე თაყაიშვილი, მთავარი კომიტეტის წევრი ლ. ჯაფარიძე, ნიკოლოზ ჯაყელი – მრეწველი.
საქართველოს სოციალ-ფედერალიცსტური სარევულუციო პარტიის სახელით: დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი სიმონ მდივანი, პარტიის წევრი კ. კობახიძე.
6 მარტი, 1922 წელი. პარიჟი.