Site icon Civil.ge

ცხინვალმა რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა

ქალაქი ცხინვალი, ფოტო: south-ossetia.info

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ 6 აპრილს რუსეთთან რეგიონის მიერთებაზე რეფერენდუმის ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა.

26-წევრიანი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში სხვებთან ერთად არიან – რეგიონის მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი (რომელიც 10 აპრილს ხელახლა იყრის კენჭს), ასევე მისი წინამორბედები – ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი.

უცნობია, თუ რატომ შედის ჯგუფის შემადგენლობაში ედუარდ კოკოითი, რომელმაც საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთების თაობაზე.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, როგორც კი საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობას მიიღებს, მას ხელმოწერების შეგროვების დაწყება შეეძლება.

ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად სამი თვის ვადა ექნება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია 15 დღის ვადაში შეამოწმებს ყველა დოკუმენტს და მათ „პრეზიდენტს“ გაუგზავნის.

დოკუმენტების მიღებიდან 10 დღის ვადაში, „პრეზიდენტი“ მათ „უზენაეს სასამართლოს“ გაუგზავნის, შესაბამისი თხოვნით.

სასამართლო შეამოწმებს მათ შესაბამისობას „საკონსტიტუციო“ მოთხოვნებთან და 14 დღის ვადაში საკუთარ გადაწყვეტილებას „პრეზიდენტს“ გაუგზავნის, რომელიც დაუყონებლივ უნდა გამოქვეყნდეს.

სასამართლოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „პრეზიდენტი“ 10 დღის ვადაში რეფერენდუმის დღეს დანიშნავს.

ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით. ანალოგიური განცხადებები მან ადრეც რამდენჯერმე გააკეთა.

რუსი პოლიტიკოსები მაშინვე მიესალმნენ ამ განცხადებას. რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას რაიმე „სამართლებრივი დაბრკოლებები“ არ შეექმნება.

მოგვიანებით, ბიბილოვმა განაცხადა, რომ 10 აპრილის არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში პლებისციტი გაიმართება.

ოფიციალურმა თბილისმა, საპასუხოდ, განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე დევნილი ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)