გაეროს უშიშროების საბჭოს „არია ფორმულის შეხვედრაზე“, რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოსა და აშშ-ის წინააღმდეგ ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებული ბრალდებები, რომლის სამიზნეც თბილისში მდებარე ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი გახდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა, იგორ კირილოვმა 6 აპრილს განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი რუსეთში, ევროპასა და ჩინეთში საქართველოდან გავრცელდა.
„დიდი ალბათობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ღორის აფრიკული ჭირის შტამი მომატებული გადამდებობით სწორედ პენტაგონის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ ბიოლაბორატორიაში შეიქმნა“, – განაცხადა კირილოვმა.
ანალოგიური ბრალდებები მან მარტშიც გააჟღერა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში.
კირილოვმა ასევე აღნიშნა, რომ დაავადება რუსეთს 100 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა პირდაპირი ეკონომიკური ზარალის სახით, ხოლო 500 მლნ აშშ დოლარი – არაპირდაპირი ზარალის სახით.
„ლუგარის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში მნიშვნელოვნად უარესდება სიტუაცია იმ დაავადებების თვალსაზრისით, რომელთაც გადამტანი მწერები ავრცელებენ“, – განაცხადა კირილოვმა.
ევროპის დაავადებათა კონტროლისა ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, კირილოვმა განაცხადა, რომ სხვადასხვა სახეობის კოღოები, რომლებიც ადრე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში გვხვდებოდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტების ტერიტორიაზე ინაცვლებენ.
მისივე თქმით, ტკიპების გავრცელებამ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გამოიწვია სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში.
კირილოვმა ასევე განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრის ქართველ სპეციალისტებს შეზღუდული აქვთ გადაადგილება შენობაში და არ აქვთ წვდომა ამერიკულ დოკუმენტებზე.
„ეს კეთდება საიდუმლო პროგრამებსა და შეზღუდულ ტერიტორიაზე წვდომის თაობაზე აშშ-ის საკანონმდებლო შეზღუდვების საბაბით. გასაკვირი არ არის, რომ ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, არ აქვთ ინფორმაცია პენტაგონის დახურულ საქმიანობებზე, რომელთა განხორციელებაც ლაბორატორიაში ხდება“, – თქვა მან.
- უცხოელი ექსპერტები: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა
- კითხვა-პასუხი: „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები
ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომლის აშენება-მოწყობა ამერიკამ 100 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა, თბილისის გარეუბანში 2011 წელს გაიხსნა. მისი შექმნის მიზანი ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის მეშვეობით, მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა იყო.
ლუგარის ცენტრი მისი დაარსების დღიდან მოსკოვის დეზინფორმაციისა და კრიტიკის სამიზნეა.
ღორის ჭირის გავრცელების შესახებ ბრალდებები მოსკოვმა პირველად 2012 წელს გააჟღერა, როდესაც მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ საქართველო რუსეთში ღორის ჭირის შეტანაში დაადანაშაულა.
2020 წელს, რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ ქიმიური აგენტები, როგორივ „ნოვიჩოკია“, აშშ-ის და საქართველოს ლაბორატორიებში მზადდება.
იმავე წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი ღამურებით იყო დაინტერესებული.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ბრალდებები და 2018 წელს უცხოურ მედიას და ექსპერტებს ლაბორატორიის კარიც გაუღო, თუმცა რუსმა სამხედრო ექიმებმა ეს მოწვევა არ მიიღეს.
2018 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი, რომელსაც ამჟამად სრულად იმართება და ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ, გაეროს კონვენციების შესაბამისად გამჭვირვალობის საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)