Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფოტო: gov.ge

დღეს, საქართველოს პრემიერმინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ რუსთავში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

უარყო რა კიევის ბრალდება, რომ თბილისი რუსეთს კონტრაბანდის გატარებაში ეხმარება, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ [მისი ტერიტორიის გავლით] რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს“.

„მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, ონლაინ რეჟიმში ჩვენ ვცვლით ინფორმაციას“, – დასძინა პრემიერმა.

„ვფიქრობ, რომ აქ, არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს“, – დაამატა მანვე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის „ძალიან სამწუხარო იყო ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან“.

„ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი“, – თქვა მთავრობის მეთაურმა.

„უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.


4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის კორიდორებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.

უკრაინული მხარის ბრალდება თბილისსა და კიევს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაჟღერდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციისა“ და მოხალისე მებრძოლების ჩარტერული რეისით გაგზავნაზე უარის შემდეგ, თბილისიდან ელჩიც გაიხმო.

საგულისხმოა, რომ ოფიციალური კიევის მხრიდან მომდინარე კრიტიკის ფონზე, რუსეთმა ქართული რძის პროდუქტების იმპორტი დაუშვა, რაც თბილისში ქართული კომპანიებისთვის „კარგ შესაძლებლობად“ შეაფასეს.

კიევიდან გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მთავრობის წევრები „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის“ მოხდენას ცდილობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)