Site icon Civil.ge

შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიწვევაზე უარს ამბობს

პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, 29 დეკემბერი, 2021, ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არ ჩავა უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა დაფიქსირდა. ბუჩაში პაპუაშვილი მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსლან სტეფანჩუკმა მიიწვია.

„ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს“, – დაწერა პაპუაშვილმა გუშინ Facebook-ზე, მიწევის საპასუხოდ.

„ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ „ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ“, – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„შეუძლებელია, სიტყვით აღწერო ის გრძნობა, რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება“, – დაამატა მანვე.

„სამწუხაროდ, ეს გრძნობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენ სწორედ ამ გრძნობით დავდივართ. ხვალაც, 9 აპრილს, სწორედ ეს გრძნობა შეგვახსენებს თავს“, – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძნობა გაზიარებას და მართლმსაჯულებას ითხოვს. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაეწყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება, რათა დადგინდეს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)