რუსეთის ოფიციალური პირების ჯგუფი 8 აპრილს ცხინვალში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ოკუპირებული რეგიონის საინიციატივო ჯგუფმა რუსეთთან მიერთების მიზნით კამპანია წამოიწყო.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან რუსი სენატორი ალექსანდრ კარელინი, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი, სერგეი მენიაილო, ყაბარდო-ბალყარეთის ლიდერი, ყაზბეკ კოკოვი, სტავროპოლის გუბერნატორი ვლადიმირ ვლადიმიროვი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრ ივანოვი და რუსეთის ფედერალური კრების წევრი თაიმურაზ მამსუროვი.
ცხინვალის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე დასწრეებს ცხინვალის რეგიონის მოქმედმა და ყოფილმა ლიდერებმა მიმართეს. ყველა მათგანი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაშია.
ოკუპირებული რეგიონის მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ დიდი ისტორიული მოვლენის წინაშე დგას.
„ჩვენ არა მხოლოდ ამის მოწმეები ვართ, არამედ ჩვენ ახლა თქვენთან ვართ და სწორედ ახლა ისტორიას ვქმნით! სამხრეთ ოსეთი რუსეთთან იქნება!“, – განაცხადა ბიბილოვმა.
„2 000 ხელმოწერა გვჭირდება, მაგრამ ბევრად მეტს შევაგროვებთ. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი რუსეთთან მიერთებას მხარს უჭერს“, – თქვა მან.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ხალხებს „არადროს უგრძვნიათ საზღრები ერთმანეთს შორის“.
რუსმა სენატორმა, ალექსანდრ კარელინმა რეფერენდუმზე „მოსალოდნელი შედეგის“ დადების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „რუსეთი გიპასუხებთ, შემიძლია ამაში დაგარწმუნოთ“, – აღნიშნა მან.
„ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდებით და დარწმუნებულნი ვარ, რომ თქვენი ნების გამოხატვა ღირსეულ დონეზე იქნება მიღებული“, – განაცხადა ყაბარდო-ბალყარეთის ლიდერმა, კაზბეკ კოკოვმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალმა რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა
- ბიბილოვი ორი რეფერენდუმისა და თბილისიდან ნაკლებად სავარაუდო „პროვოკაციების“ შესახებ საუბრობს
- აშშ-ის რეაგირება ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო მიერთების თაობაზე
- კრემლი ცხინვალის რეგიონის შესაძლო მიერთების შესახებ
- ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთების რუსი მომხრეები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)