ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“.
აშშ-ის საელჩოს განცხადება
„შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს“, – განაცხადა გუშინ აშშ-ის საელჩომ საქართველოში.
„ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები“ და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი“, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს“, – ნათქვამია იქვე.
ევროკავშირის ელჩის განცხადება
„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 10 აპრილს ცხინვალში ჩატარებული „არჩევნების“ შეფასებისას.
„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, – ხაზი გაუსვა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)