ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 11 აპრილს განაცხადა, რომ არსებობს „ზოგადი მზაობა“, უკრაინაში შედგეს ვიზიტი დონეზეც, უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე, თუკი ოფიციალური კიევი სამ წინაპირობას დათანხმდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემურია შემდეგი საკითხები – უკრაინის მიერ ელჩის გახმობა, კონტრაბანდის გატარებაზე ბრალდებები და „საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, [რომლებიც] არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილი“.
მისივე თქმით, ყველაზე პრინციპული სწორედ მესამე პუნქტია, რადგანაც, მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის წარმოქმნილი ყველა პრობლემისა და „ცრუ ბრალდებების სათავე“ სწორედ ეს უკანასკნელია.
მმართველი პარტიის ლიდერმა მაგალითებად დაასახელა – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა; ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია და ასევე ყოფილი ხელისუფლებისდროინდელი შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს.
ირაკლი კობახიძისვე მტკიცებით, უკრაინის „რადას“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ წარმოადგენს და ასევე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თავკაცია, დასახელებულ პირებსა და უკრაინის ხელისუფლების კავშირებს უზრუნველყოფს „უმაღლეს დონეზე“.
„თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიმინალებად ან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებულნი, დღეს რომ იკავებდნენ თანამდებობებს საქართველოში“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და საქართველოში სააკაშვილის, ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე მიანიშნა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ კონტრაბანდის გატარების შესახებ ბრალდების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებისგან „შერბილებული განცხადებებიც“ მოისმინა, თუმცა „ეს არ არის საკმარისი“.
„როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არც ერთი და არც მეორე არ მოგვისმენია“, – განაცხადა მან.
გაიხსენა რა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ“.
- ლიეტუველი დეპუტატები უკრაინაზე რიტორიკის, რუსეთისა და სტალინის გამო საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ
- უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
„ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ეს ვითარება არის, რა თქმა უნდა, შესაცვლელი“.
კობახიძის შეფასებით, დასახელებული საკითხები „შეურაცხმყოფელია“ სახელმწიფოსთვის და „ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება“.
„როგორც [კი], ჩვენ დავინახავთ პროგრესს ამ ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, ჩვენ ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზეც“, – განაცხადა მან.
პარალელურად მანვე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გაემგზავრებიან, ზუსტად ვინ და როდის, „მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
მოვლენების განვითარებას წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარი ბუჩაში ვიზიტზე, სადაც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა დაფიქსირდა. ბუჩაში პაპუაშვილი უკრაინელმა კოლეგამ, რუსლან სტეფანჩუკმა მიიწვია.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ოპოზიცია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდა. მანვე მოუწოდა პაპუაშვილს, რომ ქართველ დეპუტატმა დელეგაციას სათავეში სწორედ ის ჩაუდგეს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის „რადას“ სპიკერი ბუჩაში ჩასვლაზე პაპუაშვილის უარს პასუხობს
- შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიწვევაზე უარს ამბობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)