ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ორმა წამყვანმა ევროპარლამენტარმა – მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა დაგმეს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“.
12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტარებმა „შეშფოთებით აღნიშნეს, რომ ოკუპირებული ცხინვალის მოქმედი დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ [ანატოლი ბიბილოვი] სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო „გაერთიანების“ შესახებ ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარებით დაიმუქრა, ამ ცრუ კენჭისყრის შემდეგ“.
„ამავდროულად, კრემლმა, რომელსაც კიევის ირგვლივ სამხედრო კატასტროფის შემდეგ სახის შესანარჩუნებლად საშინლად სჭირდება წარმატების ისტორია, მიანიშნა, რომ ასეთი „გაერთიანება“ – [რომელიც] რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის პირდაპირ ანექსიას უტოლდება – შესაძლოა, ნამდვილად იყოს გათვალისწინებული“.
მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი „საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ამას ვერანაირი მცოცავი ოკუპაცია, ცრუ არჩევნები, თუ ყალბი რეფერენდუმი შეცვლის“.
„ზედმეტია იმის თქმა, რომ ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს თავის პრინციპებს“, – თქვეს ევროპარლამენტარებმა.
კალიურანდმა და მიკსერმა მოუწოდეს რუსეთს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებზე დე-ფაქტო კონტროლის განმახორციელებელს, დაასრულოს ოკუპაცია, უკან წაიღოს მათი დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის „არჩევნებში“ ოპოზიციონერი ლიდერობს
- აშშ და ევროკავშირი არც ცნობენ ცხინვალის „არჩევნებს“
- თბილისი გმობს ცხინვალის „არჩევნებს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)