Site icon Civil.ge

მთავრობა-პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო დავისთვის საჭირო ცვლილებები მიიღეს

14 აპრილის საპარლამენტო სხდომა, 2022, ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებული საკონსტიტუციო დავა დაიწყოს.

მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს აქვთ კომპეტენციების ფარგლების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კითხვები მოპასუხე მხარის მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ცვლილებების მიხედვით კი – სარჩელის შეტანის სამართლებრივ საფუძვლებს ცნება – „მოქმედება ან უმოქმედობა“ დაემატება.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართულმა ოცნებამ მარტის ბოლოს დააანონსა, თუმცა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მისი მიღება ცოტა ხნით გადადო. დეპუტატებმა ცვლილებები პირველი მოსმენით 12 აპრილს, მეორე მოსმენით კი – 13 აპრილს მიიღეს.

ქართული ოცნების მთავრობა აპირებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. მმართველი გუნდის მტკიცებით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია რამდენჯერმე დარღვია, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ვიზიტებით და ელჩების დანიშვნაზე უარით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)