Site icon Civil.ge

ენმ-ის გამოკლებით ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ

დეპუტატები - თეონა აქუბარდია, მამუკა მდინარაძე, ხათუნა სამნიძე, შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი, ფოტო: შალვა პაპუაშვილის Facebook-დან

საპარლამენტო ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ. საპარლამენტო დელეგაციას არ შეუერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

მედიის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან – პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიაშარია; მოქალაქეების დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი; ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი; პარტია საქართველოსთვის დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი; ახალი პოლიტიკური ცენტრის დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

ჟურნალისტებთან საუბარში, ფრაქცია „ენმ-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ „ვინც მიდის, კარგია“, თუმცა ნაციონალურ მოძრაობა ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში წასვლას „მართებულად“ არ მიიჩნევს.

მისი განმარტებით, იმ წერილის შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა უკრაინის „ვერხოვნა რადას“ სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს მისწერა, კიევში მმართველი გუნდის ვიზიტი მეგობარი ქვეყნისადმი ოცნების დამოკიდებულებას არ შეცვლის.

დეკანოიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუკი ოპოზიციური დელეგაცია უკრაინაში ვიზიტს ცალკე დაგეგმავს, ენმ მის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

„რაც შეეხება ვიზიტს, მე, რა თქმა უნდა, ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ…, კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის წასვლა-არწასვლა არ არის უკრაინა, ჩემთვის [უკრაინა] გაცილებით უფრო დიდია“, – დასძინა მანვე.

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ „ომის პარტია“ ამ ვიზიტზე ქართულ ოცნებასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილი არ უნდა იყოს.

„იდეალურად დალაგდა, პრინციპში, დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია ის, როდესაც ერთი – მრავალპარტიულია ეს ვიზიტი [და] ამავდროულად, ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

უკრაინაში წასვლაზე უარის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკეს ოპოზიციაში.

ნაციონალური მოძრაობის არგუმენტს, რომ „ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში, თუ მანქანაში“, არასერიოზული და ბავშვური უწოდა მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა.

„მაგ ლოგიკით, არც პარლამენტში უნდა იჯდე და არსად არ უნდა მიიღო მონაწილეობა, სადაც შენთვის არასასურველი ძალა, თუ პოლიტიკოსი იმყოფება“, – განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის არგუმენტი „გაუგებარი“ აღმოჩნდა რესპუბლიკელების დეპუტატის, ხათუნა სამნიძისთვისაც. მანვე განმარტა, რომ „ეს არის საპარლამენტო დელეგაცია და არა რომელიმე პარტიის დელეგაცია“.

„ერთადერთი შეკითხვა მაქვს, რატომ მონაწილეობდნენ მოლაპარაკებების პროცესში, მაშინ, როდესაც სრულიად ოპოზიციის [მოთხოვნა], იყო რომ შემდგარიყო შერეული, ფართო, წარმომადგენლობითი დელეგაცია“, – განაცხადა მან.


უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გუშინ დაიწყო. შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციის შემადგენლობის თანაბარი კვოტა – 3/3-ზე შესთავაზა.

შეთავაზება მისაღები არ აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიებისთვის. ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა და ხატია დეკანოიძემ თქვეს, რომ ოპოზიცია ძველი გეგმის მიხედვით, უკრაინაში ცალკე დელეგაციით გაემგზავრებოდა.

უკვე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციას დელეგაციის შემადგენლობაში ყოველი ფრაქციიდან თითო დეპუტატის ჩასმა შესთავაზა.

„თანაბრობის პრინციპი, ამ შემთხვევაში, დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო“, – ხაზი გაუსვა მან.

მანამდელი მოვლენები

მანამდე, 8 აპრილს, შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა მიეღო უკრაინაში ვიზიტის თაობაზე რუსლან სტეფანჩუკის მოწვევა. მანვე განმარტა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევისა და რუსული კონტრაბანდის გატარებაზე ბრალდებების ფონზე, მოწვევა „არასათანადოდ“ ჩანდა.

მოგვიანებით, ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ დანარჩენ ოპოზიციასთან კოორდინაციის შემდეგ, ისინი უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ. მანვე, პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დელეგაციისთვის სწორედ მას ეხელმძღვანელა.

ამის შემდეგ, 11 აპრილს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში წასასვლელად მმართველი პარტიის ცალკეული დეპუტატები მზად იყვნენ, თუმცა მან მაღალი საპარლამენტო ვიზიტისთვის სამი წინაპირობა დაასახელა.

უკვე 13 აპრილს, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ იგი უკრაინაში გაემგზავრება და ოპოზიციის წევრების ჩართულობით დელეგაციას ჩამოაყალიბებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)