ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართეს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა სთხოვეს.
14 აპრილით დათარიღებულ წერილში, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად მზარდი საზოგადოებრივი ინტერესისა, ქართული ოცნების მთავრობა თავს არიდებს კითხვარის გასაჯაროებას და ამტკიცებს, რომ ამას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება.
„ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ, მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“, – ნათქვამია წერილში.
„თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ“, – აღნიშნეს დეპუტატებმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან უთანხმოებების მიუხედავად, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმის გათვალისწინებით, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია“.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ „არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება“.
წერილს ხელს აწერენ დამოუკიდებელი დეპუტატები – არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია, ასევე თეონა აქუბარდია სტრატეგია აღმაშენებლიდან, ანა ბუჩუკური პარტიიდან საქართველოსთვის, ხატია დეკანოიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლელოს დეპუტატები – სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი, ასევე ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიიდან.
თავის მხრივ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კითხვარის გასაჯაროების საკითხი ევროკავშირთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა დასძინა, რომ ის პირები, ვინც ზიანს არ აყენებენ სახელმწიფოს, ასევე ჩაერთვებიან კითხვარის შევსებაში.
12 აპრილს, ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკომისარ ვარჰეის და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური უნდა იყოს. მათი თქმით, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ევროკომისარმა ვარჰეიმ კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 11 აპრილს ლუქსემბურგში გადასცა. საქართველოს ერთი თვე აქვს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტის შესავსებად.
საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველომ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარი მიიღო
- საქართველოს პრემიერი ხელს აწერს ევროკავშირში წევრობის განაცხადს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)