Site icon Civil.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუჩასა და ირპინს ესტუმრა 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირპინში, 16 აპრილი, 2022, ფოტო: შალვა პაპუაშვილის Facebook-დან

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 16 აპრილს ბუჩას და ირპინს ესტუმრა, სადაც რამდენიკვირიანი რუსული ოკუპაციის შედეგად ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალი დარჩა.

„სიტყვები ვერ აღწერს ბუჩასა და ირპინში მომხდარ ტანჯვასა და უბედურებას – შოკისმომგვრელი ტრაგედიაა ევროპის შუაგულში 21-ე საუკუნეში“, – დაწერა Twitter-ზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს საშინელება. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“.

„ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე. „ჩვენი ხალხების სიახლოვის გათვალისწინებით სხვანაირად არც შეგვეძლო“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, „ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპინები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

„ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„უდიდეს ტკივილთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თქვენს გმირულ წინააღმდეგობას, სიმამაცეს და გაუტეხელ გულებს. ამ თავგანწირვაზე, როგორც სიმტკიცისა და გაუტეხელობის მაგალითზე, ყოველთვის მოვუყვებით ჩვენს მომავალ თაობებს“, – დასძინა პაპუაშვილმა.

უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ბუჩასა და ირპინში ახლდა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება“. „მან [შალვა პაპუაშვილმა] ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც ბუჩა და ირპინი საკუთარი თვალით იხილა“.

16 აპრილს, სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციას ვერხოვნა რადაშიც უმასპინძლა. მისი თქმით, ვიზიტი უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის საუკეთესო გამოხატულებაა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემდგენლობაში ასევე იყვნენ ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ქართული ოცნებიდან; მმართველი პარტიის დეპუტატი, ბექა ოდიშარია; ვიცე-სპიკერი და მოქალაქეების დეპუტატი ლევან იოსელიანი; ანა ნაცვლიშვილი, ლელოდან; გიორგი ხოჯევანიშვილი, პარტიიდან საქართველოსთვის; ვახტანგ მეგრელიშვილი, გირჩიდან და ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიიდან.

ხათუნა სამნიძის თქმით, ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მართალია, გვიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის მაინც შედგა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს, რომელიც პირველი მაღალი დონის ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა, წინ უძღვოდა თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუარესება.

შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს თავდაპირველად უარი თქვა სტეფანჩუკის მიწვევაზე ბუჩაში და ამის მიზეზად „დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშები და კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულება“ დაასახელა.

იმავდროულად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე. პარტიის ლიდერებმა, თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად, 15 აპრილს გაავრცელეს ინფორმაცია კიევში ჩასვლის თაობაზე. მათთან ერთად იმყოფებოდა ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)