Site icon Civil.ge

სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის პოლიციელი დააკავეს 

ფოტო: Unsplash.com

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 19 აპრილს განაცხადა, რომ წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს.

უწყების ცნობით, 18 აპრილს, დეტექტივი ადგილზე ნარკოტიკული საშუალების  შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მივიდა და პირის დაკავებისას, მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობის (116-ე) და ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ის, მე-3-ის „ბ“) მიმდინარეობს.

დანაშაული სასჯელის სახით 5-8 წლამდე პატიმრობას და 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც შემთხვევას შეესწრო, „ტელეკომპანია პირველს“ უთხრა, რომ ინციდენტს წინ დეტექტივსა და მსხვერპლს შორის მცირე შელაპარაკება უძღვოდა.

მისივე თქმით, პოლიციელს მსხვერპლის წინააღმდეგ სროლამდე „ძალადობა მაინცდამაინც არ გაუწევია“.

თვითმხილველმა ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლს ტყვია გულთან ახლოს მოხვდა. მანვე ვერ დაინახა, პოლიციელს ტყვია გაუვარდა, თუ  მსხვერპლს დამიზნებით ესროლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)